როდესაც ჩვენი ორგანიზაციის ყველაზე ძველ თანამშრომლებს რაიმეთი ვუფასებთ ერთგულებას და დიდი ხნის განმავლობაში ჩვენთან მუშაობისათვის გარკვეულ პრივილეგიებს ან ფინანსურ სარგებელს ვაძლევთ, ამით, პირველ რიგში ყველა დანარჩენ ადამიანს ვეუბნებით, რომ ვხედავთ მათ ერთგულებას, ვაფასებთ და ვთვლით, რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი ორგანიზაციისათვის.
სწორედ ამიტომ ძალიან ღირებულია იმათზე განსაკუთრებული ზრუნვა, რომლებიც ორგანიზაციაში 5-10 და მეტი წლის განმავლობაში მუშაობენ, ან, უბრალოდ, ყველაზე დიდხანს, პირველი დღიდან მოყვებიან კომპანიას.
პირველ რიგში მათი გამოვლენა, მათთან ტოპ – მენეჯმენტის მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც სადილი და გასაუბრება, მათი ჩართვა თანამშრომლების შერჩევის პროცესში, ყველაზე რთული და ორგანიზაციისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მათთან დამატებითი კონსულტაციები, ხელფასის სავალდებულო მატება 20-25 % ით ყოველი 5 წლის ნამუშევრის შემდეგ, განსაკუთრებული საპენსიო პაკეტის შექმნა მათთვის (პენსიის დანიშნვა ადამიანებისათვის, ვინც ორგანიზაციაში 20 ან მეტი წელი იმუშავა და თქვენთან დაუდგა საპენსიო ასაკი), ეს ყველაფერი და ამაზე კიდევ უფრო მეტი, ბევრი სხვა შეიძლება ასეთი ხალხისათვის გაკეთდეს.
ამ ყველაფრის კეთება ხმამაღლა, მაქსიმალურად გამჭვირვალედ ყველასთვის, მადლიერების გამოხატვა ყველას დასანახად _ ეს არის კარგი შეტყობინება ყველა თანამშრომლისთვის, რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულნი არიან ორგანიზაციისათვის მისი თანამშრომლები, მათი ერთგულება და ლოიალურობა. ამ ყველაფერმა ჩვენს სხვა თანამშრომლებს ჩვენთან გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილი და გეგმები უნდა გაუჩინოს.