თუ სულ ორი-სამი საათით ძალიან რთულ და ერთი შეხედვით არარეალურ მიზანს დავისახავთ, არ შევწვეტთ ამ მიზნის მიღწევის შესაძლო გზების ძიებას სანამ 20 იდეამდე არ ავალთ და მერე ამ იდეებს ერთმანეთს შევადარებთ განხორციელებადობის, შესაძლო ეფექტის და თანმხლები სააფრთხეების გათვალისწინებით, დავინახავთ, რომ თურმე ბევრად უფრო მეტი საინტერესო და მნიშვნელოვანი რაღაცის გაკეთება შეიძლება, ვიდრე ვაკეთებთ და ბევრად უფრო დიდი მიზნების მიღწევაც შეიძლება, ვიდრე ვისახავთ.
ვირჩევთ ისეთ მიზანს, რომელიც ჩვეულებრივი მუშაობით ზუსტად ვიცით, რომ არ მიიღწევა. მიზანს, რომლის მიღწევაც მხოლოდ არსებითი ცვლილებების, ინოვაციების, ორიგინალური გადაწყვეტილებების მიღებით და განხორციელებით იქნებოდა შესაძლებელი. ვისახავთ მიზანს ცოტა ხნით და ვიცით, რომ დაგეგმვის შემდეგ ეტაპზე თუ დავრწმუნდებით, რომ ამ მიზნის მიღწევის გზას ვერ ვხედავთ – დავაკორექტირებთ. ეს მიზანი მინიმუმ ერთნახევარჯერ ან ორჯერ დიდი უნდა იყოს, ვიდრე არსებული მიზანია, იმისთვის რომ საინტერესო შესაძლებლობების პოვნა გვაიძულოს.
მას შემდეგ, რაც მიზანი განსაზღვრულია, ვამბობთ, გვინდა არაუმცირეს 20, სასურველია 30, სულაც 50 ისეთი იდეა, რომელიც მოგვცემს საშუალებას მივაღწიოთ ჩვენთვის სასურველ მიზანს. და არ ვწყვეტთ შესაძლებლობების ძიებას, სანამ ჩვენთვის სასურველ რიცხვამდე არ გავზრდით გენერირებული იდეების რაოდენობას. ამ პროცესში ყოველთვის გვახსოვს, რომ შესაძლებლობები სინამდვილეში ძალიან ბევრია. ჩვენ უბრალოდ გვევალება არ გავჩერდეთ, სანამ მათ წინასწარ განსაზღვრულ რაოდენობას არ გამოვავლენთ. ამის კეთება ძნელია დაწყებამდე, დაწყების შემდეგ 5-7 იდეამდეც ჭირს, ამ ზღვარს რომ გადავცდებით შემდეგ 20-იც აღარ არის ბევრი.
მესამე ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორი არჩევანი გავაკეთოთ, თუ მათ შორის რომელი იდეები იქნება ყველაზე მეტად ეფექტური ჩვენი რეალობისთვის. ამისათვის მათ, ძირითადად, შემდეგი კრიტერიუმებით ვაფასებთ:
ა) განხორციელებადობა;
ბ) გავლენა მიზანზე;
გ) თანმდევი საფრთხეები;
ამ სამი კრიტერიუმით ხდება თითოეული იდეის შეფასება სამ ან ხუთბალიანი სისტემით და ჯამდება მათი ქულები. ირჩევა ყველაზე რეიტინგული იდეების ის რაოდენობა, რომლის “მორევაც”, მენეჯმენტის აზრით, ორგანიზაციას შეუძლია და მათი უფრო დეტალური დაგეგმვაც ამის შემდეგ იწყება.