როგორც გამოცდილება აჩვენებს, ყველაზე მთავარი მიზეზი, რაც ორგანიზაციაში პრობლემების უმთავრეს ნაწილს განაპირობებს, მენეჯმენტის წევრებს შორის შეუთანხმებელი ხედვაა. ეს მინიმუმ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არიან მთავარი მომხმარებლები, რა სარგებელს ქმნის მათთვის ორგანიზაცია, რა არის (ან უნდა იყოს) მთავარი კონკურენტული უპირატესობა.
როდესაც უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს შორის მინიმუმ ამ სამ საკითხზე მკაფიოდ ჩამოყალიბებული და შეთანხმებული ხედვა არ არსებობს, ყველა დანარჩენი გადაწყვეტილების ურთიერთშეთანხმებულად მიღება ფაქტიურად შეუძლებელი ხდება.
ხედვების შუთანხმებლობა ორგანიზაციაზე გავლენას ვერ ახდენს, სანამ ჩამოყალიბებული ბიზნეს მოდელი მეტნაკლებად სტაბილურად მუშაობს და მოგებას იძლევა. ხოლო მაშინ, როგორც კი გარემოში მიმდინარე ცვლილებებიდან გამომდინარე ნებისმიერი, ოდნავ რთული ცვლილების განხორციელება ხდება საჭირო, მენეჯმენტი ყოველთვის აგვიანებს დროული და სწორი გადაწყვეტილების მიღებას.
პირველ რიგში, გარემოს ცვლილების ადექვატური სტრუქტურული ცვლილების გადაწყვეტილების მიღება გვიანდება. ეს, თავის მხრივ, პროცესებში დროულ ცვლილებებს აფერხებს. არ ხდება მოტივაციის სისტემებში სათანადო ცვლილება, მცირდება თანამშრომლების მოტივაცია, შემდეგ კლიენტების კმაყოფილება იწყებს მნიშვნელოვნად შემცირებას და ეს ყველაფერი საბოლოოდ, გარკვეული დროის შემდეგ, ფინანსური შედეგების გაუარესების მიზეზი ხდება.
ცუდი ის არის, რომ ფინანსური შედეგების გაუარესება მაშინ იწყება, როცა ყველა დანარჩენი პრობლემა უკვე სახეზეა, როდესაც მათი გამოსწორება უკვე საკმაოდ რთულია. მენეჯმენტი კი, სამწუხაროდ, როგორც წესი, სწორედ ამ მომენტამდე ფეხს ითრევს საჭირო ცვლილებების განხორციელებისგან.
პრობლემების გამოსწორება კი სწორედ ისევ ხედვის შეთანხმებით უნდა დაიწყოს მაინც. ამიტომ, სანამ ფინანსური შედეგები გაუარესდება, სასურველია, თუნდაც დღეს, დილიდან, თუ ტოპ – მენეჯმენტი რამდენიმე საათს გამოყოფს, კიდევ ერთხელ და მკაფიოდ შეთანხმდება, მინიმუმ ვისთვის მუშაობს ორგანიზაცია, რას აკეთებს მათთვის და რა არის (ან უნდა გახდეს) მთავარი კონკურენტული უპირატესობა.