შიდა კონტროლი, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციის შიგნით დაეხმაროს ადამიანებს, შეასრულონ წესები ან გეგმები, ბევრად უფრო შედეგიანია, ვიდრე კონტროლი, რომელიც დარღვევების გამოვლენას და დამრღვევების დასჯას ისახავს მიზნად. თუმცა ეს მიდგომა არამარტო შიდა კონტროლის შემთხვევაშია უკეთესი.
კონტროლის ცნება უმეტეს წილად უარყოფითი კონტექსტით გამოიყენება, მაგრამ სინამდვილეში კონტროლი დამხმარე მექანიზმია და არა სადამსჯელო საშუალება. როგორც კი კონტროლს გამოვიყენებთ, როგორც შესრულებისთვის დამხმარე “ჩარევას“, მაშინვე უკეთესობისკენ შეიცვლება შემსრულებლების დამოკიდებულება მაკონტროლებლებთან, მაკონტროლებლების – შემსრულებლებთან. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ შედეგებზე მოახდენს დადებით ეფექტს.
ეს მიდგომა შედეგად მოგვცემს იმას, რომ:
1. საქმე უფრო ხარისხიანად გაკეთდება – ამ დროს წესების დაცვით, ან გეგმის შესრულებით უკვე მარტო უშუალო შემსრულებელი კი არ იქნება დაინტერესებული, არამედ მაკონტროლებელიც.
2. “მიჩქმალვის“ ფაქტები შემცირდება – ამ დროს შემსრულებელი იქნება პირველი, ვინც ხმამაღლა ისაუბრებს საქმის კეთების შემაფერხებელ ფაქტორებზე, არსებულ ხარვეზებსა და დაშვებულ შეცდომებზე.
3. საქმის ხარისხიანად და სწრაფად კეთების მოტივაცია დადებითისკენ გაიზრდება – ამ დროს შემსრულებლები მთელ ძალისხმევას დახარჯავენ არა იმისთვის, რომ ცუდად არ შეფასდნენ, არამედ იმისთვის, რომ მიიღონ მაქსიმალურად კარგი შედეგი, კონტროლის მუდმივი მხარდაჭერის ფონზე.
4. ჯანსაღი ურთიერთობები ჩამოყალიბდება – „პოლიციელისა“ და „პატიმრის“ როლები ძალიან მალე გაქრება. მაკონტროლებელი და შემსრულებელი ერთმანეთს აღიქვამენ, როგორც პარტნიორებს, რომლებიც დამოუკიდებლად, თავისი საქმის კარგად შესრულებით, საერთო საქმეს აკეთებენ.
5. გუნდურობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამ დროს გუნდები – შემსრულებლები და მაკონტროლებლები, მიუხედავად მათი კონფლიქტურობისა, ერთიანდებიან ერთი მიზნისკენ – სწრაფად მოუტანონ მეტი სარგებელი ორგანიზაციას.