ორგანიზაციული ქაოსის სანიმუშო მაგალითი

თუ დამფუძნებლებს გსურთ, ორგანიზაციული ქაოსი იხილოთ და მისი ეფექტიც თქვენს თავზე გამოსცადოთ, ამის გაკეთება ძნელი არ არის. დაუნიშნეთ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებს საბაზროზე ბევრად მაღალი ხელფასები, გადმოიბირეთ სადმე უკვე წარმატებული ტოპ-მენეჯერი, ადგილობრივი ხელმძღვანელებიდან რამოდენიმე ჩაანაცვლეთ დიდი ორგანიზაციებიდან გადმობირებული გამოცდილი და მაღალ ანაზღაურებას მიჩვეული შუა და მაღალი რგოლის ხელმძღვანელებით, არ უთხრათ მენეჯმენტს, ცხადად რას ითხოვთ მათგან, სამაგიეროდ ხშირად უთხარით თქვენი აზრი, როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ ვითარებაში და ბოლოს შექმენით ეფექტური, თითქმის პოლიციური კონტროლის სისტემა, რომელიც ყველას და ყველაფერს თვალთვალს დაუწყებს. პერიოდულად გაუშვით სამსახურიდან ხელმძღვანელები, რომლებზეც ცუდ რაღაცეებს გელაპარაკებიან და შედეგიც სახეზეა.

ცალკე აღებული ეს გადაწყვეტილებები თითქოს ცუდი არ არის, მაგრამ მათ ერთად ძალიან საინტერესო, განსხვავებული ეფექტის მოცემა შეუძლიათ.

მაღალი ხელფასები და სამსახურის შენარჩუნების სურვილი ადამიანებში თქვენზე დამოკიდებულებას გაზრდის. კონტროლის სისტემა აიძულებს მათ დაფიქრებისთვისაც კი არ გაჩერდნენ და სულ რაღაცა აკეთონ. თქვენგან წასული ყოველდღიური დავალებები საკუთარი ხედვის ჩამოყალიბებაში შეუშლით ხელს და პასუხისმგებლობასაც შეუმცირებს. სხვა დიდ ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება იმაში დაეხმარება, არ შეიტყონ, რომ რეალურად არაფერს აკეთებენ და ენერგიულად და საქმიანი გამომეტყველებით იმოძრაონ, სასურველი შედეგების მიუღწევლობაში მუდმივად ერთმანეთი ადანაშაულონ და კულუარული ბრძოლები და შიდა ინტრიგები გააჩაღონ.

შედეგად იქნება ბევრი მუშაობა, ანთებული თვალებით, ენერგიული სირბილი დერეფნებში, იქნება ბევრი შეხვედრები, ხმაურიანი განხილვები და კამათები, მუდმივად მოუცლელი საშუალო და მაღალი რგოლის ხელმძღვანელები, რომლებსაც ერთი შეხვედრიდან მეორეზე ეჩქარებათ, ბევრი დოკუმენტი მომზადდება, ბევრ და მრავალფეროვან წერილებს მიიღებთ ელექტრონულ ფოსტაზე, ბევრი დაიწყებს თქვენთან სხვადასხვა ინფორმაციით და საკითხებით სიარულს და ბევრ ფულს და ბევრ დროს დახარჯავთ უშედეგოდ.

მაგრამ არ იქნება უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება, არ იქნებიან ახალი კლიენტები, არ იქნება მეტი გაყიდვები და მეტი შემოსავალი და მოგება. საბაზრო წილიც არ გაიზრდება, თუ არ შემცირდა, ხოლო კლიენტი და გარემო, მთელი ამ ენერგიული აურზაურიდან, ვერაფერ შედეგს ვერ მიიღებს.

როცა მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი სახეზეა, ჩათვალეთ, მიზანს მიაღწიეთ და შექმენით ორგანიზაციული ქაოსის კიდევ ერთი სანიმუშო მაგალითი.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება