შევაგროვოთ თანამშრომლების სურვილები, რომლებიც ორგანიზაციის საქმიანობას ეხება. ისინი, შესაძლოა, ბევრ საინტერესო და ღირებულ ინსაითს შეიცავდნენ. ამასთან, მათ სურვილებში ორგანიზაციაში არსებულ პრობლემებს, სისუსტეებს და შესაძლებლობებს ამოვიკითხავთ.
როგორც წესი, ორგანიზაციის საქმიანობის სუსტი მხარეების გამოსავლენად სხვადასხვა გზას ვიყენებთ: ინიცირებას ვუკეთებთ სვოტს, უკუკავშირს, ანონიმურ გამოკითხვებს და ა.შ. თუმცა ამ დროს თანამშრომლების მოტივაცია უფრო იმისკენაა მიმართული, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემა დაასახელონ, იწუწუნონ, მიაწვდინონ ხმა ხელმძღვანელობას, შემდეგ კი მოლოდინის რეჟიმში იყვნენ – გაუმჯობესების რა შესაძლებლობებს შესთავაზებს მათ მენეჯმენტი.
როცა თანამშრომლებს დავალებად, არა პრობლემებზე და სისუსტეებზე, არამედ მათ სურვილებზე ფიქრს ვაძლევთ, შესაძლოა, ამით რადიკალურად შევუცვალოთ მათ სისუსტეებისა და პრობლემებისადმი მიდგომა. დადებითად დავმუხტოთ ისინი, ვაგრძნობინებთ, რომ მათზე მართლაც ვზრუნავთ, მათი სურვილები გვაინტერესებს და რაც მთავარია, ამ სურვილების ახდენით ვართ დაინტერესებულნი.
სურვილების შესაგროვებლად ერთ–ერთი გზა შეიძლება იყოს, რამოდენიმე დღით, ოფისის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას დავდგათ სურვილების დიდი და გამორჩეული ყუთი და სურვილების შეგროვების შესახებ შევატყობინებთ ყველა თანამშრომელს: წერილების, გამოკრული განცხადებების, ლიდერების მხრიდან ინდივიდუალური შეხსენებების საშუალებით. ერთი სიამოვნება უნდა იყოს ამ ყუთის გახსნა, სურვილების წაკითხვა და მათ განხორციელებაზე ფიქრი.
ალბათ, არაფერი არაა ისე სასიამოვნო, როცა სხვის სურვილებს ვასრულებთ და ამით მათ ბედნიერებას ვანიჭებთ. ეს განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ამას იმსახურებენ. გავაძლიეროთ ორგანიზაცია მოტივირებული თანამშრომლებით და ორგანიზაციისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებით.