ამ ბალანსის შენარჩუნება რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლებისათვის, არავისათვის სიახლეს არ წარმოადგენს. მენეჯერთა უმეტესობისათვის ეს ავტომატურად ასოცირდება ნაკლებ მუშაობასთან, ნაკლებ შედეგებთან და ნაკლებ შემოსავლებთან. არადა, ორგანიზაციებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ თანამშრომლებს ჰქონდეთ ეს ბალანსი დაცული.
იქ, სადაც თანამშრომლები არ მუშაობენ გვიანობამდე, აქვთ დრო მეგობრებისათვის, ოჯახისათვის, გარემო გაცილებით ჯანსაღია. იქ არის ნაკლები სტრესი, განწყობა მაღალია, მოტივაცია და კომპანიისადმი ლოიალურობაც იზრდება. სამსახური აღარ ასოცირდება მძიმე ტვირთთან, შესაბამისად იზრდება პროდუქტიულობა და ამ ყველაფერს გაცილებით მეტი ეფექტი აქვს საბოლოო მიღწევებზე, ვიდრე ორჯერ მეტი დატვირთვით მუშაობას.
გარდა ამისა, ნაკლები საათებით მუშაობა და მოტივაცია თანამშრომლებს უჩენს სტიმულს, იპოვონ განსხვავებული გზები თავიანთი ამოცანების უფრო სწრაფად და ეფექტიანად, თანაც უკეთესი ხარისხით შესასრულებლად. ისინი ხდებიან გაცილებით ინიციატივიანები, პროაქტიულები. მხოლოდ ასეთ ორგანიზაციებში იბადება ბევრი კარგი, ახალი, საინტერესო, ინოვაციური იდეა.
რაც მთავარია, მენეჯმენტს შეუძლია სტიმულირება გაუკეთოს ამ პროცესებს და შექმნას შესაფერისი ატმოსფერო: თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ ცხადი, მკაფიო ამოცანები, ზუსტად ესმოდეთ თავიანთი პასუხისმგებლობა და გააჩნდეთ მეტი თავისუფლება მოქმედებებში. საჭიროა ყურადღება გამახვილდეს საბოლოო შედეგებზე და არა იმაზე, თუ რას როგორ და როდის ასრულებენ შედეგების მისაღწევად. ნაკლები კონტროლი მათი სამუშაო საათების, ნაკლები შეზღუდვები მოქმედებებში და მეტი ავტონომია, მეტი სიცხადე, რას ითხოვთ მათგან.თანამშრომელი ფასდებოდეს არა იმით, თუ რამდენ საათს მუშაობს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საბოლოო შედეგებით.