ჩვენი თანამშრომლების პროაქტიულობას, ადექვატურობასა და ლოიალურობას საგრძნობლად განაპირობებს მათი ინფორმირებულობის დონე საკუთარი მუშაობისა და ორგანიზაციის გეგმების შესახებ.
ხშირად ხდება ისე, რომ თანაშრომლებს მკაფიო დავალებებს ვაძლევთ, თითქოს ყველა პირობას ვუქმნით იმისთვის, რომ საქმე კარგად გააკეთონ და ისინიც თავის მხრივ ცდილობენ, მაგრამ მაინც… საქმე ისე არ კეთდება, როგორც მიზნის მისაღწევად არის საჭირო. ამ დროს, უმეტესწილად უკმაყოფილებას გამოვთქვამთ ხოლმე სხვებთან, ან საკუთარ ფიქრებში, ან ამავე თანამშრომელთან სხვადასხვა უარყოფითი ჟესტებით. ამით არასრულყოფილად შესრულებულ საქმეს ვერ ვასწორებთ და პირიქით გარშემომყოფებს და საკუთარ თავსაც სტრესს ვუმატებთ.
თავს ხანდახან იმით ვიმართლებთ, რომ ძალიან რთულია დატვირთულ გრაფიკში გამოვძებნოთ დრო და სათანადო განწყობა იმისთვის, რომ ჩვენს თანამშრომლებს ვესაუბროთ მათ საქმიანობაზე, ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე, მათ როლზე ამ გეგმების შესრულებისას. არადა, ამას თანამშრომლები ჩვენგან ნამდვილად ელიან. ყოველ შემთხვევაში ამ მხრივ მათი ინფორმირებულობის დონე დიდი შანსია, რომ პირდაპირ იყოს დაკავშირებული მათ პროაქტიულობასა და კომპანიის მიმართ ლოიალურობაზე.
რეალურად კი არც ბევრი დრო გვჭირდება ამისთვის და არც განწყობის შექმნაზე განსაკუთრებული ზრუნვა – თვეში 1–2 საათის გამოყოფაც კი საკმარისი შეიძლება იყოს ამისთვის. საწყის ეტაპზე იმითაც შეგვიძლია შემოვიფარგლოთ, რომ დავფიქრდეთ:
- ბოლოს როდის ვუთხარით ჩვენს თანამშრომლებს, თუ რას ვფიქრობთ მათ საქმიანობაზე, რა მოგვწონს ძალიან, რაც მათ გამორჩეულს და განსაკუთრებულს ხდის, რა არ მოგვწონს მათ მიდგომებში და შესრულებულ სამუშაოებში;
- ბოლოს როდის ვუთხარით, თუ რას აპირებს ჩვენი ორგანიზაცია უახლოეს მომავალში – რა გეგმები, რა შესაძლებლობები და პრობლემები აქვს;
- ბოლოს როდის ვუთხარით, თუ რა როლი შეიძლება შეასრულონ მათ ორგანიზაციის გამოწვევების წინაშე და წარმატების გზაზე.
ამ თემებზე თანამშრომლებთან საუბრით, დიდი შანსია, რომ თავი დაგვეზღვია კომუნიკაციას მოკლებული, არაჯანსაღი, ბუნდოვანი ურთიერთობებისგან და დაგვეჩქარებინა საქმიანობის მიმდინარეობა მიზნების მიღწევის სასარგებლოდ.