როგორც ამბობენ, როდესაც ადამიანი უანგაროდ აკეთებს სიკეთეს მისი ხედვა უფრო ნათელი ხდება. იგი ისეთ რაღაცებს ხედავს, რასაც ადრე ვერ ხედავდა და ისეთ რაღაცეებს ხვდება, რასაც ადრე ვერ ხვდებოდა. პირველ რიგში კი იმას აცნობიერებს, როგორ იცვლება ფერები მის გარშემო, როდესაც აკეთებს რაღაცას კარგს სხვებისთვის, სანაცვლოდ კი საერთოდ არაფერს ითხოვს მათგან და არც არაფერს ელოდება.
სწორედ ამიტომ არის, ალბათ, ისიც, რომ ადამიანები, როდესაც ქველმოქმედებას იწყებენ მერე აღარ ჩერდებიან და სულ უფრო და უფრო ზრდიან გაცემულის წილს. რაც უფრო მეტს გასცემენ, მით მეტს იღებენ და ამ მეტიდან კიდევ უფრო მეტის გაცემა უნდათ. ამასთან იმასაც ხვდებიან ეს მეტი ისეთი გადაწყვეტილებების და მოქმედებების შედეგად მიიღეს, რომელიც ადრეც ყოველთვის თვალწინ ჰქონდათ, მაგრამ ვერ ხედავდნენ, ან ხედავდნენ, მაგრამ სათანადოდ ვერ აფასებდნენ მათ მნიშვნელობას. უფრო ნათელი ხედვა მათ გამოუყენებელი შესაძლებლობების დანახვაში და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, რომლებსაც მათთვის ბევრად უკეთესი შედეგები მოაქვს.
და თუ ჩვენ ჯერ კიდევ ტელეკამერებით დავდივართ მოხუცებულთა თავშესაფარში და ბავშვთა სახლებში საჩუქრების დასარიგებლად, 100 ლარის დახმარების გაშუქებაში ბევრ 1000 ლარს ვხარჯავთ. ყოველი გაყიდული ბოთლიდან ან ლიტრიდან საპატრიარქოს ვურიცხავთ თეთრს და მერე ამას ყველა მყიდველს ვაყვედრით – ესე იგი ჯერ კიდევ არ გაგვისინჯავს ნათელი ხედვის გემო, ჯერ კიდევ არ გვჯერა, რომ უანგაროდ გაკეთებულ სულ მცირე სიკეთეს ბევრად მეტი რაციონალური სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე სხვების დასანახად ჩადენილ გრანდიოზულ კეთილ საქმეებს მოაქვს.