რაც უფრო ცუდია ხელმძღვანელი მით უფრო ცდილობს, იგნონირება გაუკეთოს ჩვენს მიერ გულით და კარგად გაკეთებულ საქმეებს, არ შეიმჩნიოს ჩვენი უნარები, არავის უთხრას ჩვენი სახით რამდენად ნიჭიერი და პერსპექტიული თანამშრომელი ჰყავს, გვიბლოკავს ბევრ კარგ იდეას, მათ შორის ყველაზე საუკეთესოებს, რამოდენიმე თვეში პატარა სახეცვლილებით საკუთარ იდეებად რომ ასაღებს. ჩვენზე ცუდს ლაპარაკობს მის ხელმძღვანელებთან და ჩვენთან საუბარში კი იმათ აკრიტიკებს. როცა რაღაცა საქმე კარგად გამოდის, თავის შეუცვლელ როლზე ლაპარაკობს მასში, როცა არ გამოდის – თითქმის ყოველთვის ჩვენ გვაბრალებს.
მაგრამ, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ხელმძღვანელი, მას არ შეუძლია დაგვიშალოს საუკეთესო ხარისხით ვაკეთოთ ის, რაც გვავალია, არც იმაში შეუძლია ხელი შეგვიშალოს, მუდმივად ახალ-ახალი საინტერესო იდეებით და ინიციატივებით გამოვიდეთ. არც ის, რომ გუნდის წევრებზე ვიზრუნოთ და ვეცადოთ მაქსიმალურად დავეხმაროთ მათ, რითაც შევძლებთ. არც ის შეუძლია, სწავლა დაგვიშალოს, წიგნების კითხვის უფლება არ მოგვცეს თავისუფალ დროს.
და თუ ჩვენ მისი ცუდი უფროსობა გულს არ გვიტეხს, შემართებას არ გვიკარგავს, მიუხედავად იმისა, რამდენად გვახალისებს ამისაკენ ხელმძღვანელი. მაინც ვაგრძელებთ კარგად მუშაობას, მუდმივად ვცდილობთ ვისწავლოთ და გუნდის სხვა წევრებსაც რითაც შევძლებთ მაქსიმალურად ვეხმარებით, საბოლოო ჯამში, მაინც საჭირონი ვიქნებით გუნდისთვის, ბევრს ვისწავლით, დიდ გამოცდილებასაც მივიღებთ, CV-ში ჩასაწერიც და ახალ სამსახურში გასაუბრებაზე მოსაყოლიც ბევრი დაგვიგროვდება, ჩვენი უნარებიც და შესაძლებლობებიც ვერ დაიმალება დიდხანს და ერთხელაც, ვიღაცა უფრო ზევით და უფრო მნიშვნელოვანი, აუცილებლად ბევრად მეტად დაგვიფასებს.
თანამშრომელი, რომელიც ბევრს და კარგად მუშაობს, მუდმივად ვითარდება და სხვებსაც როგორც შეუძლია მაქსიმალურად ეხმარება, ყველა გუნდში შეუცვლელია. რეალური ლიდერიც ის არის და ყველაზე მეტი სარგებელიც, საბოლოო ჯამში, როგორც წესი, სწორედ მას ხვდება შედეგად.