ძალიან ადვილია ნებისმიერ ჩვენს თანამშრომელს, როგორი კარგი კადრიც არ უნდა იყოს ის, თითქმის სრულად დავუკარგოთ მუშაობის სურვილი. ამისათვის საკმარისია არ დავუსახოთ არანაირი მიზანი, არც ამოცანა და ვთხოვოთ ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგას ჩვენთან შეუთანხმებლად, დავალებები კი ვაძლიოთ ძალიან მარტივი და ტექნიკური, თანაც ხანდახან.
კიდევ უფრო ეფექტური იქნება შედეგი, თუ ისეთ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ, რომლის აწევისთვისაც მზად არ არის და ამავე დროს საჭირო უფლებამოსილებებსაც არ მივანიჭებთ. არ დავეხმარებით, თუ რაიმე დახმარება დაჭირდება, დავუგვიანებთ მისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, საერთოდ რეაგირების გარეშე დავტოვებთ მის თხოვნებსა და ინიციატივებს.
ამისგან განსხვავებული გზაა კიდევ ერთი, თუ მას არ დავაკისრებთ არანაირ პასუხისმგებლობას, არ მოვთხოვთ არანაირ შედეგებს და საერთოდ არ მოვიკითხავთ რას აკეთებს. რაც არ უნდა კარგი გააკეთოს არასოდეს გამოვხატავთ მადლიერებას და კმაყოფილებას მისი მუშაობით.
როგორი კარგი და მოტივირებულიც არ უნდა იყოს ოდესღაც ყველა დაკარგავს მუშაობის სურვილს, თუ მოვინდომებთ და მათთან ასეთი მიდგომებით “ვიმუშავებთ”.