სტრატეგიაზე მუშაობა ბევრნაირად შეიძლება და ძალიან ბევრიც შეიძლება მასზე იმუშაო, მაგრამ თუ ამის დრო და განწყობა არ გაქვთ ორგანიზაციის, ან მისი ქვედანაყოფის ელემენტარული სტრატეგიის გაკეთება ძალიან სწრაფად და ძალიან მარტივადაც შეიძლება. ამისათვის საკმარისია კარგი სამუშაო ჯგუფი შევკრიბოთ და თუნდაც ერთი კარგად ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა ჩავატაროთ.
1. სასურველია სამუშაო ჯგუფში შევიყვანოთ ყველა ის, ვის ზურგზეც სტრატეგიის განხორციელების ძირითადმა სიმძიმემ უნდა გადაიაროს. სასურველია იყოს მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 15 ადამიანი.
2. სამუშაო ჯგუფის ყოველმა წევრმა. ინდივიდუალურად, შეხვედრამდე უნდა ჩამოწეროს 7 ამოცანა, რომლებიც, მათი აზრით, შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი შემდეგი 3 წლის განმავლობაში.
3. ამ ამოცანების ჩამონათვალს გავაერთიანებთ ისე, რომ განვსაზღვროთ, რომელი ამოცანა რომლის ქვეამოცანაა დასახელებულებს შორის. ასე გამოვარჩევთ იმ ამოცანებს, რომლებიც არცერთი სხვა ამოცანის ქვეამოცანებს არ წარმოადგენს. (მაქსიმუმ 10-მდე ამოცანა გამოგვივა სავარაუდოდ)
4. დავნიშნავთ შეხვედრას, სადაც ჯგუფის თოთოეულ წევრს ვთხოვთ ამოცანების გაერთიანებული სიიდან, პირველი დონის ამოცანებს შორის (რომლებიც არც ერთი სხვა ამოცანის ქვეამოცანა არ არის), გამოყოს მისი აზრით შემდეგი სამი წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ამოცანა და თან სასურველია არგუმენტირებულად დაასაბუთოს, რატომ აკეთებს ასეთ არჩევანს (სასურველია ხელმძღვანელმა სულ ბოლოს გამოთქვას საკუთარი მოსაზრება).
5. მას შემდეგ, რაც ყველა თავის მოსაზრებას იტყვის, უნდა ვკითხოთ სამუშაო ჯგუფის თითოეულ წევრს – ხომ არ უნდა საკუთარი მოსაზრების შეცვლა სხვების მიერ გამთქმული მოსაზრებებიდან გამომდინარე.
6. ამის შემდეგ თითოეულ წევრს უნდა ვთხოვოთ გააკეთოს იგივე, ანუ გამოარჩიოს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ახლა უკვე პირველი წლისთვის. და აქაც, მას შემდეგ, რაც ყველა თავის მოსაზრებას გამოთქვამს, კიდევ ერთხელ ვკითხოთ ყველას, ხომ არ უნდა ვინმეს შეცვალოს მისი პოზიცია, სხვებისაგან მოსმენილი არგუმენტებიდან გამომდინარე.
7. შედეგები შევაჯამოთ ერთ ცხრილში, სადაც გამოგვივა – რომელი სამი ამოცანაა ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდისთვის პირველ წელს და რომელი სამი სამ წლიან პერიოდში.
ამას ყველაფერს თუ ტექსტობრივადაც აღვწერთ და გამოთქმულ ყველაზე მნიშვნელოვან არგუმენტებსაც განმარტებებად დავურთავთ, გვექნება არა მარტო სტრატეგია, არამედ, აგრეთვე, მისი ამსახველი პატარა დოკუმენტიც, რომელიც სხვებსაც შეგვიძლია გადავცეთ გასაცნობად და სახელმძღვანელოდ.