გუნდის მართვა ბევრად ადვილი შეიძლება გახდეს გუნდის შიდა წესების მეშვეობით. ამისათვის საკმარისია გუნდის ლიდერმა ყოველ ექვს თვეში ან წელიწადში ერთხელ მაინც მოაწყოს წესების შემუშავების/გადახედვის სესია. ამასთან, თვითონ ეს წესები გუნდის წევრებსვე შეარჩევინოს, იზრუნოს იმაზე, რომ ყველას ახსოვდეს ისინი ყოველთვის და ის წევრები, რომლებიც ამ წესებს განსაკუთრებულად რთულ პირობებში დაიცავენ, ყოველთვის მაქსიმალურად წაახალისოს.
ამ პროცესში, სასურველია, რამოდენიმე საკითხი გავითვალისწინოთ:
1. გუნდის არსებობის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პრობლემის და სისუსტის აღმოფხვრაა საჭირო. ამიტომ აუცილებელია ხდებოდეს მათი გადახედვა მინიმუმ ნახევარ წელიწადში, ან წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებლად.
2. ადამიანების უმეტესობას უჭირს ხუთზე მეტი ერთ თემასთან დაკავშირებული საკითხის დამახსოვრება. მხოლოდ ძალიან ცოტა ახერხებს დაიმახსოვროს შვიდი, თითქმის ყველა იმახსოვრებს სამს და ყველაზე ადვილია დაამახსოვრო ადამიანებს ერთი. ამიტომ სასურველია, ყველა ეტაპზე შეირჩეს მხოლოდ სამი მთავარი წესი და იქიდან კიდევ ერთი უმთავრესი გამოიყოს. ასე მათი დამახსოვრება უფრო ადვილი იქნება უმეტესობისათვის.
3. ლიდერის მიზანი უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი წესების ჩვევაში გადასვლას შეუწყოს ხელი. ამისათვის მან უნდა უზრუნველყოს, რომ: მათი ფორმულირება იყოს ლაკონური, ადვილად დასამახსოვრებელი, უნდა ეწეროს ისინი ყველგან, სადაც ადვილად შევამჩნევთ და გაგვახსენდება. უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს მათი დარღვევის არც ერთი ფაქტი და განსაკუთრებით უნდა წაახალისოს ყველა, ვინც ამ წესების დაცვას ყველაზე კრიტიკულ პირობებშიც მოახერხებს.