საზოგადოებას აქვს უნარი იმსახუროს ნებისმიერი ადამიანი და ნებისმიერი ორგანიზაცია მიუხედავად იმისა, უნდათ მათ ეს თუ არ უნდათ, მოსწონთ თუ არ მოსწონთ ეს. საზოგადოება სხვადასხვა გარემოებების და მოტივატორების მეშვეობით გვაიძულებს, გვასტიმულირებს, პირობებსაც გვიქმნის მას ვემსახუროთ, მისთვის ვიმუშაოთ ყოველდღიურად, ჩვენი ძალისხმევით სწორედ მისთვის შევქმნათ ახალ-ახალი სარგებელი.
ის, ვინც ამას ეწინააღმდეგება, არ იცის ან არ უნდა რომ ასე იყოს, ყველაზე მეტად კარგავს დროს, საბოლოო ჯამში მაინც ამას აკეთებს, მაგრამ სხვებზე ნელა, სხვებზე ცუდად და სხვებზე მეტ დისკომფორტსაც განიცდის ამ პროცესში. იგი ბევრ რესურსებსაც კარგავს უქმად, ზიგზაგებით მოძრაობს და წარმატების მიღწევაც და შენარჩუნებაც უჭირს.
ყველაზე მეტად რისკავს და საფრთხის ქვეშ იგდებს თავს ის, ვინც ფიქრობს, რომ პირიქით შეიძლება საზოგადოება იმსახუროს. ვინც ცდილობს, ისარგებლოს საზოგადოების ხარჯზე ისე, რომ მას სანაცვლო სარგებელი არ ან ბევრად ნაკლები შეუქმნას, საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად შეიძლება დაზარალდეს. მისი შრომა, მისი წარმატებები, მისი დიდი მონდომება და ძალისხმევაც დიდი ალბათობით ბოლოს ფუჭი აღმოჩნდება, რასაც ისარგებლებს იმაზე ბევრად მეტს დაკარგავს, რაც უფრო მაღალ სიმაღლეს მიაღწევს მით უფრო მტკივნეულად დაეცემა.
ყველაზე მეტს იგებს ის, ვინც ეს იცის. იცის, რომ უნდა მას თუ არ უნდა მაინც საზოგადოების სამსახურში მოუწევს ყოფნა და მისი დაფასებაც იმის მიხედვით იქნება, რამდენად დიდი სარგებლის შექმნას მოასწრებს საზოგადოებისათვის. სწორედ ამიტომ, საკუთარი არჩევანით, მიზნადაც საზოგადოების სამსახურს ისახავს, სტრატეგიასაც ამის მიხედვით ირჩევს, რა უნდა აკეთოს ამის შესაბამისად საზღვრავს, მუშაობითაც ბევრს მუშაობს, სწავლითაც სწავლობს როგორ აკეთოს მეტი, თავისი ნებით ემსახურება საზოგადოებას, სიამოვნებასაც მეტს იღებს აქედან და საზღაურსაც მისი კარგი სამსახურისთვის.