ნებისმიერი, ყველაზე რთული ამოცანის გადაწყვეტის გზის მოფიქრება ბევრად ადვილად შეიძლება, თუ მას პატარა ამოცანებად დავშლით. ანუ დავშლით ისეთი დონის და სირთულის ამოცანებად, რომლებისთვისაც გზების მოფიქრება ჩვენს ძალებს, უნარებს და თვითშეფასებას შედარებით ადვილად ხელეწიფება.
თუ ამოცანის გადაწყვეტის გზებზე ფიქრისას იდეები ან არ მოგვდის თავში, ან რა აზრებიც გვიჩნდება ისეთ დისკომფორტს გვიტოვებს, რომ ამ ყველაფრის გაკეთება ამოცანას ვერ გადაჭრის და უფრო ნახევარზომებად დარჩება – ეს ნიშნავს, რომ ამოცანა ჯერ არ არის მზად უბრალოდ გონებრივი შტურმით გადასაჭრელად. ამიტომ მას ჯერ ანალიტიკიკური დამუშავება და პატარა ამოცანებად დანაწილება სჭირდება.
ნებისმიერი ამოცანა იშლება პატარა ამოცანებად. მათ შორის ისეთ სამ ამოცანად, რომლებიც ერთმანეთს არ ფარავენ და სამივე ერთად კი ამოცანის სრულად გადაწყვეტას უზრუნველყოფს. სწორად დაშლისას უნდა ვეცადოთ ვიპოვით ისეთი მცირე ამოცანები, რომლებიც ასეთ მიმართებაში იქნება ერთმანეთთან და მთავარ ამოცანასთან.
თუ ამ სამი ამოცანიდან რომელიმე გვერთულება, ის კიდევ ერთხელ უნდა დავშალოთ შემდეგ სამ ამოცანად იმავე პრინციპით და ასე იქამდე, სანამ დიდ ამოცანას ისეთ პატარა ამოცანებამდე არ დავიყვანთ, სადაც მოქმედებების მოფიქრებაზე გადასვლა უკვე შეგვიძლია.
ამოცანების დაშლა პატარა ამოცანებად საჭიროა იმიტომაც, რომ სანამ უფრო დეტალურ დაშლაზე ან იდეების მოფიქრებაზე გადავალთ შეგვეძლოს ჯერ შევაფასოთ ამ ქვეამოცანებიდან რომელზე ზემოქმედება იქნება ყველაზე მეტად შედეგის მომტანი ჩვენს შემთხვევაში და მასზე მეტი აქცენტი გავაკეთოთ უკვე შემდეგ ეტაპზე უფრო დეტალური დამუშავებისას.
აი, დიდი ამოცანების პატარა ამოცანებად დაშლის რამოდენიმე მაგალითი უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის:
საკადრო ბაზის განვითარება
1. ადექვატური კადრების მოძიება
1.1. კადრების მოძიების წყაროების შერჩევა;
1.2. კადრების შერჩევის პროცესის ჩამოყალიბება სწორად;
1.3. პოტენციური კადრების სწორად ინფორმირება.
2. კადრების კვალიფიკაციის ამაღლება
2.1. კადრების სწავლების საჭირობების განსაზღვრა;
2.2. კადრებში სწავლის მოტივაციის ამაღლება;
2.3. სწავლების საშუალებების შექმნა თანამშრომლებისათვის.
3. კადრების შეფასება და კარიერის განვითარება
3.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების სწორად ჩამოყალიბება თითოეული პოზიციისთვის;
3.2. შეფასების პროცესის ორგანიზება შესაბამისობების დასადგენად;
3.3. შეუსაბამობებზე ადექვატური რეაგირება.