იმისათვის, რომ ადამიანის პროფესიული დისკრედიტაცია მოახდინო, საკმარისია დააწინაურო ისე, რომ კომპეტენციის ზღვარს გადააბიჯოს. ანუ დააკისრო ისეთი ვალდებულებები, რომლის ზიდვაც მის შესაძლებლობებს აღემატება. ეს არის ყველაზე ადვილი გზა გამოამზეურო მისი შესაძლებლობების ლიმიტი და ყველას დაანახო, რომ მან მოლოდინი არ გაამართლა.
თავის პოზიციაზე წარმატებული კადრის სამსახურიდან გაშვება, ან დაქვეითება მას გმირად აქცევს, ან სულ მცირე, უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანის იარლიყს მაინც მიაწებებს, ხოლო ხელმძღვანელს უსამართლო და ბოროტი ადამიანის იმიჯს შესძენს. კომპეტენციის ზღვარზე გასული მენეჯერის დაქვეითება ან გაშვება კი ბევრად უფრო ადვილია, არავის აღარ გაუკვირდება მისი დასჯა და ყველა ჩათვლის, რომ ეს მან იმით დაიმსახურა, რომ მასზე დაკისრებული დიდი მოლოდინები არ გაამართლა.
შესაბამისად, თუ თქვენ რომელიმე თქვენი ქვეშევრდომის ამბიციები გაღიზიანებთ, თვლით, რომ მან ზრდა შეწყვიტა, ძირითადად არსებული სამსახურებრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებაზეა გადასული და ტკბება საკუთარი სოციალური სტატუსით, გიგანტიზმის სინდრომმა შეიპყრო და მთლიანი ორგანიზაციის დაზიანებასაც იწყებს, ხოლო გაშვებით კი ვერ გაუშვებთ იმიტომ, რომ საკუთარ პოზიციაზე წარმატებულ ხელმძღვანელად ითვლება, მაშინ ყველაზე კარგი გამოსავალია დააწინაუროთ ისე, რომ კომპეტენციის ზღვარზე გაიყვანოთ. ამის შემდეგ კი ისღა დაგრჩებათ დაელოდოთ, როგორ მოახდენს საკუთარი თავის პროფესიულ დისკრედიტაციას.