სამწუხაროდ, ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს ურჩევნია, თუ ხელმძღვანელი ამის საშუალებას აძლევს, საკმარის დროსაც უთმობს და მის საქმეში ჩართვის სურვილსაც გამოხატავს, ხშირად მივიდეს მასთან, მიმდინარე გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი მას შეუთანხმოს და ამით საბოლოო შედეგზე პასუხისმგებლობაც ხელმძღვანელს გადააბაროს.
ამას ისინი ხშირ შემთხვევაში ქვეცნობიერად აკეთებენ, რათა არასასურველი შედეგით გამოწვეული პრობლემები აირიდონ თავიდან. ხელმძღვანელების დიდი ნაწილი ამ თამაშში თანამშრომლებს მიჰყვება. მნიშვნელოვანი საქმის კეთების შეგრძნებით კმაყოფილი და ჩართულობის განცდით სავსე მენეჯერები იმატებენ და იმატებენ საქმესაც და პასუხისმგებლობასაც.
ამ სიტუაციიდან გამოსავალი ერთია – ხელმძღვანელი, როგორც კი გაიაზრებს, რომ მისი გუნდის წევრები მისი კონკრეტული დავალებების უბრალო შემსრულებლებად იქცნენ და რომ ყველა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება ფაქტიურად თავად უწევს, რომ თანამშრომლები აღარ იზრდებიან და თვითონაც ვეღარ აუდის ამდენ საკითხზე ფიქრს, ხოლო გადაწყვეტილების დროულად მიღებაც სულ უფრო მეტად უჭირს, – უნდა ეყოს ნება და დისციპლინა იმისათვის, რათა თანამშრომლებს მასთან ისეთი საკითხების შეთანხმება აუკრძალოს, რომლებზეც თვითონაც შეუძლიათ თუნდაც ოდნავ ცუდი, მაგრამ მისაღები გადაწყვეტილების მიღება.
ამის შედეგად შესაძლოა დასაწყისში რაღაცები ოდნავ გაფუჭდეს კიდეც, მაგრამ მას შემდეგ, რაც თანამშრომლები მათი წილი პასუხისმგებლობის აღებას მიეჩვევიან და ყველა საკითხზე ხელმძღვანელთან აღარ ივლიან, ბევრად დაჩქარდება მიმდინარე პროცესებიც და შედეგებიც ბევრად უკეთესი დადგება.