ადამიანი, რომელიც რაიმე გარემოების გამო, ხელმძღვანელი გახდება, თანამდებობას შეიფერებს, ყოფილ კოლგებეთან დისტანციას გაზრდის, მათგან შორს დაიჭერს თავს, ქცევის მანერასაც საგრძნობლად შეცვლის, თანამშრომლებს ზემოდან დაუწყებს ყურებს და მის საუბარში მენტორული ტონიც მოიმატებს, ძალიან დიდი ალბათობით, წინ ბევრი სირთულე ელის და თუ მოკლე ხანში არ მოვა გონს, მისთვის დიდი წარუმატებლობაც არ დაახანებს.
ასეთ ადამიანებს ცუდი ხელმძღვანელობის ხვედრი ელით. მათ ძლიერი გუნდი არასოდეს ეყოლებათ, ნებისმიერი ცვლილების განხორციელება დიდი ძალისხმევის ფასად დაუჯდებათ, ყველა გადაწყვეტილების მიღებაც და, ძირითადად, აღსრულებაც თვითონ მოუწევთ, გულწრფელ და ჯანსაღ კრიტიკასაც ვერასოდეს მოისმენენ, საკუთარი თავის გარედან დანახვის შანსიც არ მიეცემათ, შეცდომებსაც ბევრს დაუშვებენ, დაღლითაც მალე დაიღლებიან და ენთუზიაზმსაც მალე ამოწურავენ.
წარუმატებლობა მათ იქვე ელის, სადაც ოდნავ მაინც მოდუნდებიან, თვითონაც ექნებათ ამის განცდა და, ამის გამო, სულ სტრესში მოუწევთ ყოფნა. ისინი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაიღლებიან, შედეგების მიღწევა ან შენარჩუნება გაუჭირდებათ და ხელმძღვანელების კეთილგანწყობასაც ძალიან მალე დაკარგავენ.
სამწუხაროდ, ცოტა ადამიანი ახერხებს ამ ჩიხიდან დაბრუნებას, მაგრამ როგორც კი ხელმძღვანელი მიხვდება სად არის მისი შეცდომა, გუნდის წევრებთან უერთიერთობებს დაალაგებს, თავის ადგილს სწორად დაიკავებს და სხვებისგან უფრო მეტის სწავლას შეეცდება ვიდრე თვითონ მათთვის სწავლებას, შედეგიც გამოსწორდება.