“უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა” – ილია ჭავჭავაძე
იცოდით, რომ თუ დილით მხოლოდ ნახევარ საათს გამოყოფთ პროფესიული ლიტერატურის წასაკითხად, წელიწადში რამდენიმე საშუალო სიდიდის წიგნის ცოდნას დააგროვებთ და ამით მნიშვნელოვნად გაიზრდება თქვენი წარმატების შანსები?
კარგი პროფესიული წიგნები ნამდვილი საბადოა. აქ ხშირად მოყვანილია პრაქტიკული მაგალითები წარმატებული თუ წარუმატებელი ორგანიზაციების ან პიროვნებების შესახებ, გაანალიზებულია სხვადასხვა ბიზნეს-ქეისები. წიგნების საშუალებით შეძენილი ცოდნა თქვენი ზრდის მთავარ ფაქტორად შეიძლება გადაიქცეს:
1. საკუთარი სისუსტეების აღმოფხვრა – თუ რაიმე სფეროში, მიმართულებაში გრძნობთ, რომ ძალიან ძლიერი ვერ ხართ და ვერც მკვეთრად მოახერხეთ გაუმჯობესება წლების მანძილზე, შეგიძლიათ სპეციფიური ლიტერატურის შერჩევა და კითხვა. უამრავ რჩევას, საინტერესო მიდგომებსა და მარტივ მეთოდებს აღმოაჩენთ დღითი დღე, დიდი ძალისხმევის დახარჯვის გარეშე საკუთარი ეფექტურობის ამაღლებისათვის.
2. ხარისხიანი, კომპეტენტური გადაწყვეტილებები – როდესაც გაქვთ დაგროვილი ცოდნა, სხვადასხვა პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით იღებთ გადაწყვეტილებებს, ერთის მხრივ გადაწყვეტილებები უფრო ხარისხიანიც ხდება, მეორეს მხრივ კი მისი არგუმენტირების საშუალებებიც უფრო მყარი გაქვთ.
3. უფრო ავტორიტეტული და საინტერესო ადამიანი ხდებით – როდესაც საუბარში ხშირად ახსენებთ სხვადასხვა ფაქტს წაკითხულიდან, ან შეგიძლიათ იმსჯელოთ წარმატებულ პიროვნებებზე, ორგანიზაციებზე, ბევრად უფრო კომპეტენტური ხდებით სხვების თვალში, და თქვენთან ურთიერთობაც უფრო საინტერესო ხდება სხვა წარმატებული პიროვნებებისათვის.
4. კომუნიკაციის გაუმჯობესება – თუ უცხოურ ენაზე კითხულობთ წიგნებს, მაშინ უცხო ენის ცოდნას გაიუმჯობესებთ, ხოლო ქართულ ენაზე კითხვისას ლექსიკა უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი გახდება.
5. შემოქმედებითი აზროვნების განვითარება – კითხვა, განსაკუთრებით კი მრავალფეროვანი ლიტერატურის, ძალიან ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას.