თუ წინასწარ დაგეგმავთ და გამოყოფთ დროს თანამშრომლებთან ინდივიდუალური შეხვედრებისათვის, ამით თანამშრომლებსაც დაიახლოვებთ, გაზრდით მათ პროდუქტიულობას და ძალიან ბევრ აღმოჩენას გააკეთებთ თქვენს ორგანიზაციაზე.
სამწუხაროდ, ნაწილი ხელმძღვანელებისა, განსაკუთრებით დიდ ორგანიზაციებში, ინფორმაციის წყაროდ მენეჯმენტის წევრებს და ფინანსურ მაჩვენებლებს თვლიან, არადა, ყველაზე მეტ ინფორმაციას ორგანიზაციის სისუსტეებზე, მიმდინარე პრობლემებზე, შესაძლებლობებზე, საჭიროებებზე სწორედაც რომ რიგითი თანამშრომლები ფლობენ. მათ აქვთ ყველაზე კარგი ხედვა, იდეები შედეგების გასაუმჯობესებლად. შესაბამისად, მათთან ურთიერთობაში დახარჯული დრო შეიძლება ყველაზე ნაყოფიერი და პროდუქტიული დრო იყოს.
რა არის საჭირო ამისათვის? -თანამშრომლებთან შეხვედრები, სადაც გააცნობთ თქვენს ინიციატივას, განრიგის შედგენა, ვის როდის, რა თანმიმდევრობით შეხვდებით, და შეხვედრის ფორმატი – რაზე ისაუბრებთ მათთან. თუ გსურთ, თანამშრომელი გახსნილი და გულწრფელი იყოს, ეცადეთ მეტი გაიგოთ მის ოჯახზე, მოიკითხოთ ნათესავები, გამოკითხოთ ინტერესები, დაუახლოვდეთ და უკეთ გაიცნოთ ის. შეხვედრის მეორე ნაწილში კი სამუშაო გარემოზე ესაუბრეთ, რა არ მოსწონს, რა მოსწონს, რას შეცვლიდა, რაიმე იდეები ხომ არ აქვს ამასთან დაკავშირებით.
მზად იყავით, რომ შეხვედრები დასაწყისში ცოტა ნაძალადევი გამოვა, უხერხულობა იქნება, მაგრამ დროთა განმავლობაში, თუ შეინარჩუნებთ ამ წესს, თანამშრომლები უფრო გაიხსნებიან, წინასწარ მოამზადებენ მნიშვნელოვან საკითხებს, იდეებს, წინადადებებს. გახსოვდეთ, მთავარია: არ შეწყვიტოთ თანამშრომლებთან შეხვედრები, ყურად მიიღო და გაითვალისწინო, შეძლებისდაგვარად, მათი შენიშვნები თუ იდეები.