ორგანიზაციის წარმატება და წარუმატებლობა არის ის ორი რამ, რის შესახებაც თანამშრომლები აუცილებლად მათი ხელმძღვანელისგან უნდა იგებდნენ. ხშირად ეს ასე არ ხდება, თანამშრომლები ამის შესახებ სხვებისგან და გვიან იგებენ, რაც მათ განწყობასა და დამოკიდებულებაზე უარყოფითად აისახება:
- ისინი ვერ გრძნობენ თავს ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრად;
- ეუფლებათ განცდა, რომ არ ენდობიან, უმალავენ მნიშვნელოვან საკითხებს, ატყუებენ;
- თავს თვლიან სხვების თვალში დამცირებულად, როცა ბოლოს იგებენ მნიშვნელოვან ამბებს;
- წარმატების შემთხვევაში უჩნდებათ განცდა, რომ არ უფასებენ შრომას და წვლილს.
შესაბამისად, თუ ორგანიზაციამ, ან კონკრეტულმა დივიზიონმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, ხელმძღვანელი უნდა შეხვდეს თანამშრომლებს, ან მეილი მიწეროს, სადაც შეატყობინებს ამ ფაქტს და თითოეულს მადლობას გადაუხდის შეტანილი წვლილისათვის.
მაშინ, როდესაც ორგანიზაციაში სერიოზული პრობლემებია, საჭიროა ამის შესახებაც თანამშრომლების ინფორმირება და აღნიშვნა, რომ ხელმძღვანელს მათი მონდომების, შრომისმოყვარეობის იმედი აქვს და ერთად აუცილებლად გადალახავენ სირთულეებს.