რა განსხვავებულ საკითხებზე იქნება მიმართული საკადრო რესურსების ყურადღება და ძალისხმევა, რა განსხვავება იქნება კონკურენტი კომპანიების სტრუქტურულ მოწყობას შორის, სულ უფრო მეტად განსაზღვრავს კონკურენტებს შორის ბრძოლის შედეგებს.
რამდენი ადამიანი და როგორი კალიბრის იმუშავებს პროდუქტების განვითარებაზე, მათ შორის რამდენი იქნება არსებული პროდუქტების ანალიზზე და გაუმჯობესებაზე მიმართული, რამდენი ახლების შექმნაზე და დანერგვაზე. რამდენი ადამიანი იმუშავებს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, მათ შორის იქნება თუ არა ვინმე კონკრეტულად დაკვირვებაზე და ანალიზზე პასუხისმგებელი, კლიენტებთან უკუკავშირზე, იმუშავებს თუ არა ვინმე პოტენციური კლიენტების შესახებ მონაცემთა ბაზების ფორმირებაზე და განვითარებაზე, იურიდიულ პირებზე გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების ძიებაზე და გაყიდვებზე, იმუშავებს თუ არა ვინმე გაყიდვების კორპორატიული არხებისა და პარტნიორების ქსელის განვითარებაზე, სად იქნებიან ისინი სტრუქტურაში და ვის დაქვემდებარებაში იმუშავებენ. ვის დაქვემდებარებაში იქნება სატელეფონო მომსახურების ცენტრი, იქნება ის გაყიდვებზე პასუხისმგებელ ბლოკში და ამის გამო ძირითადად პრობლემებთან დაკავშირებული ზარებისას შეაწუხებს კლიენტებს გაყიდვების შეთავაზებებით, თუ იქნება კლიენტების კმაყოფილებაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელის ქვეშ და თავის საქმეს გააკეთებს პირველ რიგში კარგად.
სტრუქტურული გადაწყვეტის ყველა ნიუანსი მნიშვნელოვანი ხდება კონკურენტულ ბრძოლაში. გქონდეს ის ფუნქციები, რომლებიც აუცილებლად უნდა გქონდეს, სწორად გყავდეს ისინი დაჯგუფებული და გადანაწილებული სტრუქტურაში, კარგად გქონდეს გაწერილი ვინ რაზეა პასუხისმგებელი და რაზე უფლებამოსილი და გქონდეს აგებული ამ ყველაფრის შესაბამისი ანგარიშგების და შეფასების სისტემა, სწორედ ეს ყველაფერი ნელ – ნელა ბევრად უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება კონკურენტულ ბრძოლაში, ვიდრე საკუთარი კაპიტალის მოცულობა, ცალკეული, კარგად “გარტყმული” პროდუქტი თუ ორი – სამი კარგი მენეჯერი, რომლებიც საკუთარი მოვალეობების შესრულებას სხვებზე უკეთ ახერხებენ.
იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები და წიგნაკები” და ეძებეთ გზები საკუთარი საკადრო რესურსების უნარებისა და ყურადღების უფრო სწორ საკითხებზე მისამართად, უკეთესი შედეგების მისაღებად კონკურენტულ ბრძოლაში.