ხელმძღვანელები საკუთარი საქმიანობით კმაყოფილებას მაშინ კი არ უნდა ვგრძნობდეთ, როდესაც ბევრს ვმუშაობთ და თანაც პროდუქტიულად, არამედ მაშინ, როდესაც ჩვენი თანამშრომლების უმრავლესობა მუშაობს ბევრს და პროდუქტიულად.
სამწუხაროდ, ხშირად ისე ხდება, რომ მენეჯმენტის გუნდი აქტიურია, ბევრს მუშაობს, ერთადაც ბევრ დროს ატარებენ, სტრატეგიებს სახავენ, პროექტებს უკეთებენ ინიცირებას, თითქოს დატვირთულებიც არიან, და დღის განმავლობაში უამრავ საკითხზე უწევთ გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა, მათი იდეების და გადაწყვეტილების დიდი ნაწილი ვერ, ან არასწორად ხორციელდება იმის გამო, რომ სტრუქტურა, რომელიც მათ ქვემოთ არსებობებს, ამისათვის მზად არ არის.
შედეგად, ასეთ დროს ხელმძღვანელები იღლებიან, ამ რეალობას ეგუებიან, ირჩევენ რამდენიმე ყველაზე კრიტიკულ პროექტს და თვითონ ხარჯავენ მათ განხორციელებაზე დროს. დანარჩენ ადამიანებს აძლევენ უქმად ყოფნის უფლებას, საკუთარ იდეებს და გადაწყვეტილებების დიდ ნაწილს კი განუხორციელებლობისთვის წირავენ.
ეს რომ ასე არ მოხდეს, სასურველია, ხელმძღვანელის დროის მინიმუმ 20-30% ყოველთვის, ცალკეულ შემთხვევებში და პერიოდებში კი 50-60%–იც კი, მათ ქვემოთ არსებული სტრუქტურის შექმნაზე და განვითარებაზე იხარჯებოდეს, რათა ერთი მხრივ – გაძლიერდეს ორგანიზაციული სისტემის უნარი განახორციელოს იდეები და გადაწყვეტილებები. მეორე მხრივ კი სულ უფრო მეტ იდეასა და ინიციატივას აგენერირებდეს თვითონაც.
სხვა შემთხვევაში ორგანიზაცია აუცილებლად დაკარგავს ტემპს და, ნელ-ნელა, ფუნქციასაც.
იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და ეძებეთ გზები საკუთარი ორგანიზაციის სისტემური განვითარებისთვის. “ორგანიზაციული პერპეტუმობილე“- ჩვენი მეექვსე წიგნი, თითქმის მთლიანად ამ თემას ეხება.
მარტი, 2013წ