ძალიან ხშირად პროცესი გადანაწილებულია სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებზე. მაგალითად , განვიხილოთ წარმოების პროცესი – ერთი პროდუქტის იდეაზე იღებს გადაწყვეტილებას, მეორე შესყიდვებს და მარაგებს მართავს, მესამე ამ პროდუქტს აწარმოებს, სხვა მიმართულება კი მიწოდებას უზრუნველყოფს. ამ დროს ძალიან ცხადი ამოცანები აქვთ მიმართულებებს და ხდება ადამიანებში კონკრეტული კომპეტენციების დაგროვება.
თუმცა, ასეთ გადაწყვეტას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს – მაგალითად, ვინც იწყებს პროცესს, იმას არ აქვს საბოლოო პროდუქტის რეალური აღქმა და შეგრძნება, არ არის ორიენტირებული მომხმარებლების კმაყოფილებაზე, ისეთი იდეების გენერაციაზე, რაზეც არის მოთხოვნა იმაზე, რაც შეესაბამება წარმოებას და ა.შ.. თითოეულ რგოლს აქვს ძალიან დისკრეტული ხედვა და არა ერთიანი შეგრძნება. ასევე მომაბეზრებელია მუდამ ერთი და იმავე საქმის კეთება.დროთა განმავლობაში ეს უინტერესო ხდება, რაც კადრების გადინებასაც უწყობს ხელს.
მაგრამ არსებობს მეორე საინტერესო მიდგომა – როდესაც იქმნება გუნდები კონკრეტული პროდუქციების მიხედვით – გუნდებს აქვთ პასუხისმგებლობა რომელიღაც პროდუქტის შექმნისა და რეალიზების სრულ ციკლზე,კონცეფციიდან გაყიდვებამდე.
რატომ არის ეს მოდელი საინტერესო? თანამშრომლებს აქვთ მეტი დამოუკიდებლობა, იგროვებენ მრავალფეროვან კომპეტენციებს და ასრულებენ მრავალფეროვან სამუშაოს. გუნდს აქვს ერთიანი ცხადი მიზანი და მოტივაცია. ასეთ დროს კონტროლიც კი არ არის საჭირო, რადგან გუნდის ყველა წევრი ერთმანეთს აკონტროლებს. რა თქმა უნდა, ამ სტრუქტურის გამართვა მარტივი არ არის, აუცილებელია სწორი მოდელი, ტრენინგები, ცხადი მიზნები და პასუხისმგებლობები, ძალიან გამჭვირვალე შეფასების კრიტერიუმები და მოტივაციის სქემები,თუმცა მხოლოდ მან, ვინც ეს მოახერხა, შეძლო განსაკუთრებული წარმატების მიღწევა და კონკურენტული უპირატესობის მოპოვება.