ორგანიზაციების დიდ ნაწილში სამწუხაროდ ისეა აგებული სტრუქტურა და პროცესები,ისეა განაწილებული როლები და პასუხისმგებლობები, რომ ახალ იდეებზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, ძირითადად, ხელმძღვანელებს უწევთ ფიქრი. სწორედ ისინი გვევლინებიან იდეების მთავარ წყაროდ და მერე ბევრ დროსა და ენერგიას ხარჯავენ თანამშრომლებზე ზემოქმედებაზე, რათა საკუთარი იდეები ცხოვრებაში განხორციელდეს. ამას ორგანიზაციისათვის ბევრი უარყოფითი ეფექტი ახლავს.
1. იდეები არასოდეს არ არის საკმარისი, როდესაც ის მხოლოდ ზემოდან ქვემოთ მოდის. და რაც უფრო დიდია კონკურენცია და მოთხოვნები ორგანიზაციის მიმართ, მით უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება მეტი იდეა, თითქმის ყველა დონეზე, როგორც მსხვილი, ისე შედარებით მცირე მასშტაბის. თუ ორგანიზაცია მხოლოდ ზემოდან წამოსული იდეების ამარაა დარჩენილი, ასეთ გარემოში ის ძალიან ზანტი და არაეფექტიანი ხდება.
2. ზემოდან წამოსული იდეების ხარისხი, როგორც წესი, არ არის საკმარისად მაღალი. ყოველ შემთხვევაში, მას უფრო ნაკლებად იხილავენ, ავტორები ნაკლებად ითვალისწინებენ ქვევით არსებულ ინფორმაციას და პრობლემებს, როგორც წესი, გადაწყვეტილებები ნაკლებად რეალური და ნაკლებად კონკრეტულია, რაც მათ განხორციელებას ძალიან ართულებს.
3. ზემოდან წამოსულ იდეებს არ ჰყავს რეალური, ხმამაღლად მოკამათე ოპონენტები. თითქმის არავინ აძლევს უფლებას საკუთარ თავს ამ იდეების უარყოფით ეფექტებზე ილაპარაკოს. ან არასაკმარისად აქტიურად და დამაჯერებლად აკეთებენ ამას, რაც საბოლოო ჯამში იდეების არა მარტო უარყოფას, დახვეწასაც უშლის ხელს.
4. ხშირად ეს იდეები კარგად არ ესმით ან არ მოსწონთ იმ ადამიანებს, ვინც ისინი ცხოვრებაში უნდა განახორციელონ. ეს იმპლიმენტაციის პროცესს ძალიან ართულებს, დეტალების დონეზე ძალიან ბევრი არასწორი ან დაგვიანებული გადაწყვეტილების მიზეზი ხდება, იზრდება იდეების განხორციელებისათვის საჭირო დროითი, ემოციური, ფინანსური და ადამიანური რესურსები, თუმცა, ამის მიუხედავად, იდეის წარმატებულად განხორციელების ალბათობა ამით დიდად მაინც არ იზრდება.
5. ამ იდეების საბოლოო ეფექტიანობაზეც აღარავინ ლაპარაკობს მაშინაც კი, როდესაც განხორციელების მერე ყველა ხვდება, რომ შედეგი ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ავტორი დასაწყისში გეგმავდა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მენეჯმენტი ძალიან უნდა ეცადოს ისე ააწყოს პროცესები, ისე განავითაროს სტრუქტურა, ისე გამართოს მოტივაციის სისტემა, რომ იდეებმა ქვევიდან ზევით დაიწყოს დინება. უმაღლესი მენეჯმენტი კი იდეების მთავარი წყაროდან მათ ფილტრებად და საუკეთესოთა მხარდამჭერებად უნდა იქცნენ.