ხშირად მზარდ ორგანიზაციაში პრობლემები მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ჩნდებიან შუა რგოლის მენეჯერები და მათზე ხდება გარკვეული ფუნქციების, მაგრამ არა ამოცანების დელეგირება.
მცირე ზომის კომპანიებში ხელმძღვანელი უშუალოდ არის ჩართული ყველა გადაწყვეტილების მიღებაში და ახორციელებს მიმდინარე მართვას. როდესაც თანამშრომელთა რაოდენობა მატულობს, დგება შუა რგოლის მენეჯერების დამატების საკითხი. ისინი გარკვეულ ფუნქციებს ჩამოაცილებენ ხელმძღვანელს და დროს გაუთავისუფლებენ მნიშვნელოვანი საქმიანობისათვის.
თუმცა, საბოლოოდ, ხელმძღვანელი მაინც ყველა საკითხში ჩართული რჩება, ვინაიდან ვერ აძლევს სათანადო ძალაუფლებას დაქვემდებარებულ პირებს. ისინიც დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, არ უშვებენ შეცდომებს, მაგრამ ვერც იზრდებიან და ვერც პასუხისმგებლობას გრძნობენ ცხადად.
გარდა იმისა, რომ დირექტორი ვერ იცლის, ბევრი გადაწყვეტილება დროშიც იწელება, ქვედა დონის თანამშრომლები კი ორგანიზაციის სრულფასოვან წევრად ვერ აღიქვამენ თავს და მათი მოტივაციაც არასახარბიელოა.
სწორედ ამიტომ, აუცილებელია, მეტი თავისუფლება მიეცეთ შუა რგოლის მენეჯერებს, თუნდაც ეტაპობრივად, ხოლო ორგანიზაციის ხელმძღვანელი უნდა იყოს მათთვის რჩევების და არა ბრძანებების მიმცემი, ერთვებოდეს ყველაზე რთულ სიტუაციებში. რა თქმა უნდა, იქნება შეცდომები, ზოგი საკმაოდ მტკივნეულიც, მაგრამ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებენ მენეჯერები გაზრდასა და განვითარებას, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ხელმძღვანელის დროის გათავისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ უფრო გამრავლდება ხელმძღვანელის გადასაწყვეტი საკითხები და სულ უფრო არანორმალურ რეჟიმში მოუწევს მას მუშაობა.