სტრუქტურაში ნებისმიერ ცვლილებას აუცილებლად ახლავს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ეფექტები. ამ დროს მთავარია, ორგანიზაციის პრიორიტეტებიდან გამომდინარე დადებითი ეფექტები ბევრად უფრო მეტის მომტანი იყოს, ვიდრე ის ზიანი, რასაც ორგანიზაცია ამ ცვლილებების შედეგად მიიღებს.
თითოეული სტრუქტურული ცვლილება ერთგვარი კომპრომისია დადებითსა და უარყოფით ეფექტებს შორის. უბრალოდ აუცილებელია, გადაწყვეტილების მიღებამდე, მენეჯმენტს კარგად ჰქონდეს გააზრებული ყველა უარყოფითი ეფექტი, რასაც ეს კონკრეტული ცვლილება გამოიწვევს. იგი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უღირს ამაზე წასვლა იმ დადებითის მისაღებად, რასაც ამ ცვლილებიდან ელოდება.
თუ სტრუქტურული ცვლილების მოსალოდნელ უარყოფით ეფექტს მენეჯმენტი სათანადოდ არ გაიაზრებს და გაითვალისწინებს, შესაძლოა, ერთი შეხედვით უმტკივნეულო ცვლილებამ, ორგანიზაციას საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ფატალური შედეგები მოუტანოს.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ადამიანები, ვის გამოც და ვისზე მორგებისთვისაც, როგორც წესი, სტრუქტურული ცვლილებები ხდება ხოლმე ჩვენთან, სტრუქტურიდან გამომდინარე თვითონ იცვლიან ქცევას და ბევრი ისეთი უარყოფითი თვისების გამომჟღავნებას იწყებენ, რაც ძველ პოზიციაზე, ან ძველ როლში არ ჩანდა. ასეთებზე მორგებულ ცვლილებებს კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.