საინტერესოა, რომ, რაც უფრო უკეთესია ორგანიზაციის სტრუქტურა, მით უფრო მეტად სურს მენეჯმენტს მისი გაუმჯობესება. შესაბამისად, რაც უფრო ცუდი სტრუქტურა აქვს ორგანიზაციას, მით უფრო ნაკლებად ფიქრობს მისი მენეჯმენტი, რომ სწორედ სტრუქტურას სჭირდება პირველ რიგში გაუმჯობესება.
ჩვენთან ბევრი ხელმძღვანელი მოდის, ვისაც ძალიან სურს დახვეწოს, უფრო თანამედროვე, გამართული გახადოს მისი ორგანიზაციის სტრუქტურა. ისინი გვიყვებიან იმ მცდელობების შესახებ ამ მიმართულებით, შემდეგ კი ვნახულობთ ამ ორგანიზაციებს დეტალურად და ნათლად ვხედავთ: სწორედ ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვებთან შედარებით ბევრად წინ არიან სტრუქტურული მოწყობის თვალსაზრისით, ყველაზე მეტად ისწრაფვიან მეტი ორგანიზაციული სრულყოფისაკენ.
ამას სავარაუდოდ რამდენიმე მიზეზი აქვს:
ა) რაც უფრო ღრმად შედის მენეჯმენტი სტრუქტურული სრულყოფის პროცესში, მით უფრო ცხადად ხედავს რა მნიშვნელობა აქვს სწორ ორგანიზაციულ მოწყობას. ამასთან გაუმჯობესების რამდენად დიდ, ამოუწურავ რეზერვებს შეიცავს ეს მიმართულება.
ბ) რაც უფრო სრულყოფილია სტრუქტურა, მით მეტი იდეები და წინადადებები ჩნდება მისი შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, ორგანიზაციაც უფრო მოქნილი და მომზადებულია ამ ცვლილებების განსახორციელებლად.
გ) რაც უფრო სრულყოფილია სტრუქტურა, მით უფრო დიდია ხშირი და სწრაფი ცვლილებების მოთხოვნილებაც და სურვილიც. სწორედ ეს უნარი ხდება ასეთი ორგანიზაციებისათვის მთავარი კონკურენტული უპირატესობა. სწორედ მისი გამეორება ხდება კონკურენტების მთავარი გამოწვევაც.
ყველა ნიშანია იმისა, რომ არა პროდუქტები, არა ფინანსები, არა ტექნოლოგიები, არამედ სწორედ სტრუქტურული მოწყობა გახდება კონკურენტული ბრძოლის უმთავრესი იარაღი მომავალში. ვინაიდან სწორედ სტრუქტურული მოწყობა განსაზღვრავს რამდენად ძლიერი იქნება ორგანიზაცია გაყიდვების, მომსახურების, პროდუქტების მიმართულებით, რამდენად კარგი კადრები ეყოლება და რამდენად გამართული პროცესებით იმუშავებს ის. ვისაც მეტად ცოცხალი და დინამიურად განვითარებადი სტრუქტურა ექნება, ის შეძლებს მიიღოს უფრო მეტი უკეთესი გადაწყვეტილება და სწრაფად, უკეთესი ხარისხით განახორციელოს ისინი ცხოვრებაში.