ხელმძღვანელს, რომელიც ცდილობს ემსახუროს თანამშრომლებს, კლიენტებს, საზოგადოებას გაცილებით დიდი შანსი აქვს მიაღწიოს წარმატებას, ვიდრე ხელმძღვანელს, რომელიც ცდილობს იმსახუროს თანამშრომლები, კლიენტები და, ცალკეულ შემთხვევებში, მთლიანად საზოგადოებაც.
მიზეზი ძალიან პრაგმატული და მარტივია:
1. ადამიანს, რომელსაც სხვებზე ზრუნვის და სხვებისთვის მუშაობის მეტი მოტივაცია აქვს, როგორც წესი გაცილებით უკეთესი იდეები მოსდის, ვიდრე იმათ, ვინც, პირველ რიგში, საკუთარ თავზე და საკუთარ წარმატებაზე ზრუნავს.
2. ადამიანს, რომელიც სხვებისთვის შრომობს გაცილებით მეტი სიხარულით, ერთგულებით და ენთუზიაზმით მიყვებიან გუნდის წევრები. გაცილებით მეტი დადებითი მუხტია მათ შორის და ბევრად მეტის კეთების სურვილიც მთლიან გუნდში, ვიდრე იმ ხელმძღვანელის, რომელიც უფრო მეტს საკუთარ წარმატებასა და კეთილდღეობაზე ფიქრობს.
3. როდესაც ხელმძღვანელი სხვებისთვის იღვწის, გაცილებით ნაკლები წინააღმდეგობა აქვს ორგანიზაციის გარეთაც, გაცილებით მეტი ენერგია და ძალისხმევა მიდის საქმიანობის შედეგებზე, ვიდრე სხვადასხვა პოლიტიკური ბარიერების გადალახვაზე და შედეგებიც უფრო მეტი და უკეთესი გამოდის.
ადამიანები, რომლებიც სხვებისთვის შრომობენ, საბოლოო ჯამში გაცილებით მეტის გაკეთებას ახერხებენ, ვიდრე ისინი, ვინც პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ირჯებიან.
ყველა კი სწორედ იმის მიხედვით ფასდება და ყველას იმის მიხედვით უფასდება, რამდენი სარგებლის შექმნას ახერხებს და მისთვის უკუგებაც ყოველთვის ამ სარგებლის პროპორციულია, იმ ფორმით და იმ სახით, როგორც ეს თვითონ ამ ადამიანს სურს.