ნებისმიერ ორგანიზაციაში, ნებისმიერ პოზიციაზე, ნებისმიერი ადამიანის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა პირდაპირპროპორციულია იმ პასუხისმგებლობის წნევის, რომელიც მასზე არსებობს. რაც უფრო დიდია ეს წნევა და რაც უფრო ინტენსიური, მით უფრო დიდია მის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა. რაც უფრო ფრაგმენტულია და სუსტი პასუხისმგებლობის წნევა, მით უფრო იზრდება დაკარგული დრო და გამოუყენებელი ადამიანური რესურსების მოცულობა.
პასუხისმგებლობის წნევის წარმოქმნას, მის პროპორციულ განაწილებას ორგანიზაციის როგორც ყველა ვერტიკალზე, ისე ყველა იერარქიაზე ბევრი რამ განაპირობებს. მაგალითად:
ა) ცხადი პასუხისმგებლობა შედეგებზე, როდესაც ყველა რგოლისთვის ცნობილია, თუ რა რაოდენობრივ შედეგებს უნდა მიაღწიონ მათ დროის ამა თუ იმ მონაკვეთში. რაც უფრო ცხადია ეს მიზნები და ადვილად დათვლადი, მით უფრო მაღალია პასუხისმგებლობის წნევა, რომელიც ამის შედეგად იქმნება.
ბ) ანგარიშგების კარგად აწყობილი სისტემა, როდესაც ყველა რგოლი და პოზიციების დიდი ნაწილი ამზადებს სპეციალურ, კარგად ჩამოყალიბებულ ანგარიშებს თუ რა გააკეთა, რა შედეგებს მიაღწია. ასეთი ანგარიშების სწორი ფორმა და ინტენსივობა ასევე ზრდის პასუხისმგებლობის წნევას.
გ) შეფასების, მოკითხვის ინტენსივობა. ანუ რამდენად უთმობს მენეჯმენტი ყურადღებას ამა თუ იმ მიმართულებით გაკეთებული საქმის და მიღწეული შედეგების მოკითხვას. რაც უფრო ხშირად და გულისყურით აკეთებს ამას და რაც უფრო მაღალ ეშელონში, მით უფრო დიდია წნევა, რომელიც ამის შედეგად იქმნება.
დ) რეგულარული კომიტეტები, დირექტორატის სხდომები, საბჭოები, სხვა ტიპის თათბირები, რომლებსაც მთელი შემადგენლობა ესწრება და სათანადო საკითხებს იხილავს, ასევე უზრუნველყოფს რეგულარული წნევის წარმოქმნას იმ საკითხებზე და იმ სტრუქტურებზე, რომლებიც ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია.
ე) პასუხისმგებლობის წნევის წარმოქმნის ყველაზე მთავარი მექანიზმი კი მაინც ორგანიზაციული სტრუქტურაა. აქ ინტერესთა ისეთი გადანაწილება, რომელიც კონფლიქტებს პარალელური კონტროლის საშუალებად აქცევს ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს ორგანიზაციას თანაბარი და ინტენსიური წნევით სტრუქტურის ყველა რგოლში.
როგორც წყლის, ჰაერის ჭავლის, ატმოსფერული ან თუნდაც სისხლის წნევა იწვევს მოძრაობას, ასევე პასუხისმგებლობის წნევაც ორგანიზაციისთვის მოძრაობის, განვითარების და საუკეთესო შედეგების ყველაზე სტაბილურ გარანტიას წარმოადგენს.
ივლისი, 2014წ