როდესაც სტრუქტურა არასწორი პროცესით კეთდება

სტრუქტურაში არსებული ხარვეზების უდიდესი ნაწილი, ძირითადად, სტრუქტურის არასწორი პროცესით შემუშავება-დანერგვით არის გამოწვეული. ხელმძღვანელები, ერთი მხრივ იმის გამო, რომ კარგად არ ესმით სტრუქტურის მნიშვნელობა და მეორე მხრივ ხშირად არ იციან, როგორ შეიძლება ის სწორად გააკეთონ, ისეთ შეცდომებს უშვებენ ახალი სტრუქტურის დამუშავებისას, რასაც ბევრი გამოუსწორებელი უარყოფითი შედეგი მოყვება.

ყველაზე ხშირად გავრცელებული შეცდომები სტრუქტურის დამუშავების პროცესში შემდეგია:

არასწორად დგება იმათი წრე, ვისთან ერთადაც ახალი მოდელის დამუშავება იწყება. ასეთი წრე ან საერთოდ არ არსებობს, როგორც წესი, ან ძალიან ვიწროა და აქედან გამომდინარე ცვლილებებზე მსჯელობაც ვიწრო სუბიექტურ ჭრილში მიმდინარეობს.

გაუმჭვირვალე გარემო, რომელშიც ეს ცვლილებები მუშავდება და მიმდინარეობს. მენეჯმენტი იმის შიშით, რომ ზედმეტი გართულებები არ გამოიწვიოს, ცდილობენ არ გაახმაურონ პროცესთან დაკავშირებული ბევრი დეტალი, რაც, საბოლოო ჯამში, უარყოფით შედეგებს იწვევს. ინფორმაცია მაინც ვრცელდება და თანაც დამახინჯებული სახით.

სტრუქტურის კეთება პირდაპირ სტრუქტურის კეთებით იწყება, რასაც ასევე გაუმართლებელ შედეგებამდე მივყავართ. კვადრატების და ხაზების გადაადგილების, სახელების გადარქმევა-გადმორქმევის, სამსახურების შექმნის, გაყოფის თუ გაერთიანების გადაწყვეტილებები, რომლებიც, პირველ რიგში, პრიორიტეტების კარგად გააზრებას არ ეფუძნება და ყველაზე მნიშვნელოვან პროცესებს არ ითვალისწინებს, თავიდანვე განწირულია შეცდომებისთვის საბოლოო შედეგში.

სტრუქტურის დანერგვა ხშირად მისი დამტკიცებით იწყება და მთავრდება. ეს ასევე ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს მუშაობაში. როდესაც სტრუქტურული მოწყობის მოდელის განმარტებებზე და კომუნიკაციაზე მენეჯმენტი საკმარის დროს და ენერგიას არ ხარჯავს, როდესაც დეტალური სტრუქტურების, მათი აღწერების მომზადება სათანადოდ არ ხდება, როდესაც დაკომპლექტების სამუშაოებს მენეჯერები მეტი გულისყურით არ აკეთებენ, მოგვიანებით, სტრუქტურის მუშაობის პროცესში წარმოიქმნება პრობლემები, რომელიც ორგანიზაციას გაცილებით მეტ დროს და რესურსს აკარგვინებს.

სტრუქტურამ რომ საქმე კარგად გააკეთოს, მეტი სერიოზულობით უნდა მივუდგეთ მის დამუშავებას და დანერგვას. მეტი დრო უნდა დავუთმოთ პრიორიტეტებზე და პროცესებზე მსჯელობას უშუალოდ სტრუქტურაზე მუშაობის დაწყებამდე და ახალ პოზიციებზე გადასანაწილებელი თანამშრომლების პოტენციალიც მეტი ყურადღებით უნდა შევაფასოთ.

რამდენადაც არ უნდა ვეცადოთ და როგორც არ უნდა ვიმუშაოთ, 3-4 წელიწადში ცვლილებების საჭიროება მაინც იქნება. თუმცა ამ დროის განმავლობაში გაცილებით უკეთ გამოვიყენებთ ყველა რესურსს და შესაძლებლობას, როცა სტრუქტურას სწორი პროცესით დავამუშავებთ და დავნერგავთ.

 

ივლისი, 2014წ


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება