ხელისუფლების რგოლებს, რომლებიც არ აშენებენ გამართულ სტრუქტურულ კავშირებს საზოგადოებასთან, საბოლოოდ აუცილებლად დაუქვეითდებათ საჭიროებების შეგრძნება. ისინი მოწყდებიან საზოგადოების ინტერესებს და ძალიან აქტიური მუშაობის შემთხვევაშიც კი, არასწორი პრიორიტეტების გამო დაკარგავენ რეიტინგს და საბოლოოდ ძალაუფლებასაც.
სამინისტროები და სხვა სახელმწიფო უწყებები მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ მათთვის როგორც მაღალი, ისე საშუალო მნიშვნელობის ყველა საკითხზე აქტიურად იკვლევდნენ საზოგადოების აზრს. ისინი აქტიურ კონსულტაციებს უნდა გადიოდნენ გადაწყვეტილებების მიღებამდე სფეროში კომპეტენტურ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან. მიღებული გადაწყვეტილებების საზოგადოების რაც შეიძლება დიდი ნაწილისათვის საფუძვლიან გაცნობაზე არ ინანებდნენ მენეჯმენტის, მათ შორის უმაღლესი მენეჯმენტის რესურსს. აქტიურად აბარებდნენ ანგარიშს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს მათ მიერ კონკრეტულ პერიოდში ჩატარებული სამუშაოების და მიღწეული შედეგების შესახებ.
სამწუხაროდ, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების უმრავლესობა ამას ასე არ აკეთებს. ისინი საზოგადოებასთან ურთიერთობისას ძირითადად ცალმხრივი, ე.წ. PR ის ფუნქციის შექმნით იფარგლებიან. ეს მხოლოდ იმის საშუალებას აძლევს მათ, რომ მედია არხებით გააშუქონ საკუთარი აქტივობები და სწრაფი რეაგირება მოახდინონ მათი რეპუტაციისათვის საზიანო მოვლენებზე.
ასეთი რგოლის არსებობა სტრუქტურაში ვერ გადაჭრის საზოგადოებასთან როგორც “მომხმარებელთან” და ამავე დროს როგორც დამკვეთთან ადექვატური ურთიერთობის ამოცანას. სახელმწიფო უწყებების სტრუქტურაში აუცილებლად უნდა გაჩნდეს და განვითარდეს ისეთი ფორმატები, როგორიცაა:
1. საზოგადოებრივი მეთვალყურეობის საბჭოები.
2. ექსპერტთა თემატური წრეები.
3. საზოგადოებრივი აზრის კვლევის და ანალიზის ჯგუფები, არა ერთი, არამედ შესაძლოა რამდენიმე მიმართულებითაც კი.
4. მომხმარებელთან ურთიერთობის არხების მიხედვით გაძლიერდეს კომუნიკაციის ფორმატები, სხვადასხვა ფორუმებზე, სოციალურ მედიაზე დაკვირვების, არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის, დარგობრივი ექსპერტების ძიების და მათთან ურთიერთობის განვითარების მიმართულებით.
ამ ყველაფრის კეთება მხოლოდ ერთი, PR მენეჯერის, ან სამსახურის მეშვეობით შეუძლებელია.
თუ სამინისტროების და სხვა სახელმწიფო უწყებების საზოგადოებასთან აქტიური შეხების სიბრტყე მნიშვნელოვნად არ გაფართოვდება და ერთი წერტილის ნაცვლად სტრუქტურის უდიდეს ნაწილს არ მოიცავს, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვერც ერთი უწყების მუშაობა სათანადოდ დადებითად ვერ შეფასდება. ეს კი საბოლოოდ მთლიანი ხელისუფლების რეიტინგზეც აუცილებლად მოახდენს უარყოფით გავლენას.
P.S. დღევანდელმა პრემიერმა, ამ პოსტზე მოღვაწეობის დასაწყისში, ერთ-ერთ თავის გამოსვლაში თქვა (იმედია სწორად მახსოვს ფორმულირება), ვისაც არ ეზარება, ყველა ჭკუას გვასწავლისო. იმედია მისი ასეთი დამოკიდებულება დროთა განმავლობაში არა ამ მიმართულებით გაღრმავდება, სხვა ხელისუფლებზეც გადავა და გავრცელდება, არამედპირიქით შეიცვლება და ყველა ერთად, მთელი ხელისუფლება სისტემურ დონეზე დაიწყებს სხვადასხვა მიმართულებებით”ჭკუის მასწავლებლების” პროაქტიულ ძებნას, მათი ბაზის გაფართოებას, მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარებას და ყოველდღიურ უფრო აქტიურ მუშაობას მათთან.