იცით, თუ არა, რომ მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობით 89-ე პოზიციაზე ვართ, ხოლო 74 წლის მოცულობით, და დაახლოებით 10 წელიწადით ჩამოვრჩებით წამყვან ქვეყნებს? იცით, თუ რა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წარმატების მთავარ საზომად სწორედ მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობაა აღიარებული? და რაც მთავარია, ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება პირდაპირ კორელაციაშია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებასთან.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზანია, იზრუნოს მოსახლეობაზე, რათა რაც შეიძლება ნაკლებად გახდნენ ავად. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი ამ სფეროში, ნებისმიერი წამყვანი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო უდიდეს ყურადღებას ამახვილებს ამ მიმართულებაზე, მის პრიორიტეტულობასა და მნიშვნელობაზე.
თუ გვინდა, მკვეთრად ავამაღლოთ მოსახლეობის ცხოვრების დონე და გავზარდოთ სიცოცხლის ხანგრძლივობა, აუცილებელია ეს ამოცანა სათანადოდ წარმოჩნდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობია და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში. ამის სტრუქტურულად გადაწყვეტის მრავალი მეთოდი არსებობს, რაც წამყვანი სახელმწიფოების ჯანდაცვის სამინისტროების სტრუქტურების შესწავლისასაც დავინახეთ, მაგრამ, რაც მთავარია, სათანადოდ წარმოჩენილი სტრუქტურა უნდა ზრუნავდეს შემდეგ მიმართულებებზე:
- ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა – ასწავლოს მოსახლეობას, რას ნიშნავს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, როგორ უნდა იკვებონ, როგორ მიხედონ ჯანრმთელობას, გაუკეთოს ვარჯიშსა და აქტიურ ცხოვრებას პროპაგანდა, აამაღლონ მოსახლეობის ცოდნა ჯანსაღ ცხოვრებასთან მიმართებაში. ამ მიმართულების მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტმა დაიწყოს ზრუნვა ჯანმრთელობაზე და მოუფრთხილდეს მას.
- ჯანმრთელობის უსაფრთხოება – არის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება და ის მოიცავს გარემოს უსაფრთხოებას, საკვებისა და წყლის უსაფრთხოებას. დღეს სამწუხაროდ, ამ მიმართულებით უამრავ პრობლემას ვხედავთ, მაგრამ მთავრობის დონეზე არავინ ზრუნავს საკითხის დაყენებაზე. ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იბრძოდეს ჯანმრთელი გარემოსთვის, სუფთა საკვებისათვის, წყლისათვის და ამ მხრივ იცავდეს მოსახლეობის კარგად ყოფნას.
- დაავადებათა პრევენცია – გულისხმობს გავცელებული დაავადებების რისკფაქტორების გამოვლენას და მათ პრევენციას. რა იწვევს კონკრეტულ უბნებში კონკრეტული დაავადებების სიხშირეს, ან რა სიმპტომები იწვევენ ადამიანებში დაავადებათა განვითარებას – ამ ყველაფრის მოკვლევას და დაავადებათა შესაჩერებლად შესაბამისი ზომების მიღებას.
ეს სამი მთავარი მიმართულება თავის თავში ძალიან ბევრ ქვესაკითხს მოიცავს და სათანადო წარმოჩენის გარეშე მათი გადაჭრა წარმოუდგენელია.
ამოცანის რეალურ მნიშვნელობას განსაზღვრავს სტრუქტურაში მასზე პასუხისმგებელი პირის ადგილი, რაც უფრო მაღლა მდგომ პირს აქვს დაკისრებული კონკრეტული საკითხი, ის ამოცანა უფრო მეტ რესურსებს, ყურადღებას მიიღებს და კარგად გადაიჭრება და პირიქით. მხოლოდ განაცხადი ამოცანის მნიშვნელობაზე, სტრატეგიის დოკუმენტებში ასახვა და მსგავსი ღონისძიებები ამოცანის პრიორიტეტულობას ვერ გაზრდის, თუ სტრუქტურულად არ მიენიჭა მას პრიორიტეტი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში არ არსებობს მინისტრის მოადგილეების დონეზე ამოცანის მსგავსი პრიორიტეტი. ეს ცალსახად უკვე განაპირობებს, რომ სამინისტროში არ არსებობს ძალაუფლების მქონე პირი, რომელიც ამ მიმართულებას გაუძღვება. ქვესტრუქტურების ანალიზისას არსებობს დეპარტამენტები ერთ-ერთ სსიპ-ში, სადაც გაფანტულია ეს საკითხები. სწორედ ამიტომ, დღეს არსებული სტრუქტურით სამინისტრო შესაძლოა რაღაც ღონისძიებებს ახორციელებს ამ კუთხით, მაგრამ სისტემურად ვერ ჭრის ამ ამოცანას და აუცილებელია მისი პრიორიტეტის გაზრდა და სტრუქტურაში სათანადოდ წარმოჩენა.
P.S რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ სამინისტროში მოადგილე უნდა გაჩნდეს აუცილებად და ეს მიმართულება იკისროს. სტრუქტურის ცვლილება კომპლექსური საკითხია და ნებისმიერი ცვლილება ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს მთავარ დანიშნულებასთან, სხვა პრიორიტეტულ ამოცანებთან და ბიზნეს პროცესებთან.