რაც უფრო გაიზრდება ერთგვაროვანი პოზიციებისგან შემდგარი მრავალრიცხოვანი ჯგუფი ჟურნალისტები, გამომძიებლები, ტექნიკოსები, მშენებლები და ა.შ., რაც უფრო გაიზრდება, მით უფრო გართულდება მისი მართვა, განვითარება და შედეგების გაუმჯობესება თუ ის რამდენიმე მსგავს გუნდად არ დაიყო.
გუნდებად დაყოფის გარეშე გაჭირდება:
- მკვეთრად გაუმჯობესდეს საქმიანობის შედეგები და ხანგრძლივად შენარჩუნდეს ეს ტემპი – ერთი ჯგუფის პირობებში რეალური ინფორმაცია, თუ რა რეზერვები არსებობს, მაგალითად, სერვის კომპანიის ინჟინრების ჯგუფში ხარისხის გაუმჯობესების და სისწრაფის კუთხით, აქვს მხოლოდ ჯგუფის უფროსს, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს სამართავი და მიმდინარე ოპერაციული საკითხები აქვს ბევრი. ის ვერ შეძლებს ამ რეზერვების გამოყენების სტიმულირებას.
გუნდებად დაყოფა ერთი მხრივ კონკურენციას აჩენს ამ ინჟინრებს შორის, რომ უფრო უკეთესად და უფრო სწრაფად აკეთონ საქმე; მეორე მხრივ მენეჯმენტს უკეთესი კონტროლის საშუალებას მისცემს და იმ რეზერვებს დაანახვებს, რომელიც არსებობს სისწრაფის და ხარისხის გაუმჯობესებისათვის და რომელსაც აქამდე ვერ იყენებდა ერთი ჯგუფის არსებობის პირობებში.
- გუნდის განვითარება დასტიმულირდეს გუნდის წევრების მხრიდან – თუ ჯგუფის წევრებს არ ჰყავთ კონკურენტი, რომელსაც უნდა შეეჯიბრონ, მათი განვითარების პროცესი იქნება გაცილებით ნელი და ნაკლებად პროაქტიული,
მაშინ როდესაც შეჯიბრებითობის პრინციპი სწავლის მოტივაციას უჩენს თითოეულ გუნდს, რომ უფრო მაღალი კვალიფიკაციის და ძლიერი წევრები ჰყავდეს მეორე გუნდთან შედარებით, უკეთესი შედეგების მისაღწევად. - სწორად შეფასდეს გუნდის წევრების საქმიანობა – მენეჯმენტს მცირე და უფრო ნაკლებად რეალური ინფორმაცია ექნება იმაზე, თუ ჯგუფის წევრები რეალურად რას აკეთებენ, რა დროში, რა ხარისხით და რამდენად ახლოსაა ის შესაძლებლობების ზღვართან.
კონკურენციის პირობებში ეს ინფორმაცია ბუნებრივად გახდება მენეჯმენტისთვის ხელმისაწვდომი, გაცილებით გაადვილდება მათი რეალური შედეგების შეფასება და ამის საფუძველზე მათი სწორი მოტივაციაც.
გუნდებად გაყოფის ყველაზე დიდი ბარიერი, როგორც წესი, უკავშირდება არსებული ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელსაც უჭირს ძალაუფლების დათმობა და მისი ორად გახლეჩა. თუმცა ორგანიზაციული მოწყობის თვალსაზრისით სწორი მოდელია ერთგვაროვანი პოზიციებისგან შემდგარი მრავალრიცხოვანი ჯგუფები გაიყოს მინიმუმ ორ გუნდად, რაც მენეჯმენტისთვის მათ მართვას ბევრად აიოლებს. ყველაზე დიდი საფრთხე, რაც გაყოფას უკავშირდება, შეიძლება იყოს გუნდების ფარული შეთანხმებული მოქმედება. როგორც კი მენეჯმენტი ამას შენიშნავს, ეს ორი გუნდი სამ გუნდად უნდა გაყოს და ამის საშიშროება აღარ იქნება.