ტურიზმის სფეროში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომსახურების ხარისხს. ხარისხის განვითარების პროცესი შეუქცევადია და ის ბუნებრივად მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან ნელა. იმისათვის, რომ 2-3 წელიწადში რადიკალურად განსხვავებული შედეგები მივიღოთ მომსახურებაში, აუცილებელია სახელმწიფოს, კერძოდ კი ტურიზმის ადმინისტრაციის სისტემური ძალისხმევა ამ მიმართულებით.
თუ საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია შექმნის მარტივ სტანდარტებს და ნაკადებს მიმართავს იმ ტურისტულ ობიექტებში, სადაც ეს სტანდარტები არის დაცული, ამით ვფიქრობთ, გაუჩენს მოტივაციას სხვადასხვა დაწესებულებას, აიღოს ვალდებულება ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და ამ გზით მოიზიდოს ვიზიტორები.
ნაკადის მართვის მექანიზმები მრავალფეროვანია, მათ შორის – კატალოგების შექმნა და გავრცელება აქტიურ წერტილებში, იმ ობიექტებზე, სადაც ხარისხის სტანდარტს იცავენ. შეიძლება ინტერნეტ-სივრცეში სპეციალური პორტალის შექმნა, სადაც ამის შესახებ მოხდება ინფორმაციის განთავსება.
ამ ყველაფრის პარალელურად სტანდარტების დახვეწა უნდა მიმდინარეობდეს იმგვარად, რომ მათი დაცვა ტურისტულ დაწესებულებებს ძალიან არ გაუჭირდეთ, შეძლონ სიახლეების დანერგვა და ნაბიჯების აყოლა განვითარების პროცესისათვის.
ხოლო იმ ობიექტების მიმართ, რომლებიც მინიმალურ მოთხოვნებს არ იცავენ, არღვევენ ვიზიტორთა უფლებებს და უარყოფით იმიჯს უქმნიან ქვეყანას, სანქციის სახით შესაძლოა შეიქმნას შავი სიის მსგავსი ჩამონათვალი და მოხდეს ტურისტების ინფორმირება, თავი შეიკავონ ასეთ ადგილებში ვიზიტისგან.
ვფიქრობთ, ასეთი მიდგომებით ვიზიტორების მომსახურების ხარისხის განვითარება გაცილებით სწრაფი და ეფექტური გახდება. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ტურიზმის ადმინისტრაციამ საკუთარ თავზე აიღოს ამის პასუხისმგებლობა და ვალდებულება.