სწორად გაკეთებული სტრუქტურის შემთხვევაში, რაც უფრო ნაკლები ამოცანა და დავალება აქვს ადამიანს დაკისრებული, მით უფრო დიდია დაკისრებული დავალებების მნიშვნელობა ორგანიზაციისთვის და მათზე გამოყოფილი რესურსები.
ხშირად ხდება ისე, რომ თუ ადამიანს კარგი შედეგები აქვს და კარგად ჭრის დაკისრებულ ამოცანებს, სხვა არადაკავშირებულ დავალებებსაც უმატებენ ხოლმე. ისიც იმატებს უპრობლემოდ ან უარს ვერ ამბობს დამატებაზე. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი უკვე აღიქვამს, რომ ეს ასეც უნდა იყოს, ასე ეკუთვნის და ეს ბუნებრივია, თან შეიძლება წუწუნებდეს, რომ ყველაფერს ის აკეთებს.
თუ აქამდე პირობითად 8 საათს მხოლოდ იმ ამოცანის გადაჭრას ახმარდა, ახლა ეს 8 საათი ყველა დაკისრებულ ამოცანას უნდა უწილადოს. ასეთ დროს, თითქმის ყოველთვის ისე ხდება, რომ ადამიანი ვერც წინა ამოცანის გადაჭრას ვეღარ ახერხებს ისეთივე ხარისხით და დანარჩენებსაც არასიღრმისეულად უდგება. საბოლოო ჯამში, დავალების მომცემიც უკმაყოფილოა და დავალების მიმღებიც, მიღებული შედეგებით და ზემდგომის უკმაყოფილებით.
არის შემთხვევები, როცა თავად დავალების მიმღებნი ითხოვენ სხვა საქმეების ჩამოცილებას, თუმცა ეს არც ისე ხშირად ხდება. ძირითადად, დავალების მიმცემები წყვეტენ, რომ ჩამოართვან ამოცანა, როცა ხედავენ, რომ ეს ადამიანი ვეღარ აუდის თავი გაართვას თავს მოვალეობებს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ადამიანები ბევრს წუწუნებენ და განიცდიან დატვირთვას, მაინც ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ ჩამორთმევის გადაწყვეტილებას. ამას ერთგვარად შეურაცხყოფადაც კი იღებენ, რომ მენეჯმენტმა ჩათვალა, რომ შეუმცირეს გავლენა ან შრომა არ დაუფასეს სათანადოდ.
ამ დროს კი პირიქითაა, ობიექტურად მიღებული გადაწყვეტილება საქმის ჩამორთმევის თაობაზე, გასახარია, იმიტომ რომ ერთის მხრივ მენეჯმენტისგან გვაქვს მკაფიო მესიჯი, რა არის მთავარი მათთვის მიიღოს ჩვენგან და რა ამოცანაა ორგანიზაციისთვის პრიორიტეტული, და დავალების მიმღებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა გამოიჩინოს თავი და თავადაც კმაყოფილი დარჩეს.
ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა ქართულ საჯარო ორგანიზაციებში. თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე მინისტრი ან დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარგად უძღვება დაკისრებულ მოვალეობას, მაშინვე უჩნდებათ ზემდგომებს ცდუნება, რომ დაავალონ სხვა არანაკლები სიმძიმის ამოცანა, ან შეუერთონ რომელიმე სხვა სტრუქტურა. ამ გადაწყვეტილებით, წირავენ როგორც პირველ პირს, ისე ამ სტრუქტურასაც. ერთი მხრივ, პირველი პირი აუცილებლად, რომელიმე ამოცანას მეტ პრიორიტეტს მიანიჭებს, რომელიმეს კი დააკნინებს. უყურადღებოდ დატოვებული ამოცანიდან გამოწვეული უკმაყოფილება კი გადაფარავს მის გაკეთებულ სხვა კარგ საქმეებს.
როცა ვხედავთ, რომ სხვა ამოცანა მნიშვნელოვნად გვიშლის ხელს ჩვენი ძირეული დანიშნულების განხორციელებაში, თუ ჩვენვე არ გავხდებით ინიციატორი, მინიმუმ სხვების მიერ დაყენებული საკითხის რომ სხვა ამოცანები ჩამოგვაცილონ, არ უნდა შევეწინააღმდეგოთ და ჩვენსკენ მომართულ ამბოხებად არ უნდა აღვიქვათ, პირიქით, მივიღოთ როგორც დადებითი მოვლენა და შანსი, რომ უფრო უკეთ გავართვათ თავი ყველაზე მთავარს, რაც გვაკისრია.