ძალიან ბევრი ორგანიზაცია ვერ ახერხებს თანმიმდევრულად და ორგანიზებულად განვითარდეს თუ მის სტრუქტურაში სათანადოდ არ არის განვითარების ფუნქციები წარმოდგენილი. თუ არ არიან ადამიანები, ვისთვისაც ყოველდღიურ სამუშაოს განვითარების საკითხები და პროექტები წარმოადგენს, განვითარება ბევრად უფრო ნელა და არასისტემურად მიმდინარეობს. სამწუხაროდ ორგანიზაციების დიდი უმრავლესობა სწორედ ასეთი, ოპერაციული სტრუქტურებით მუშაობს.
პროდუქტების, მომსახურების ხარისხის, გაყიდვების არხების, ბრენდის, საკადრო ბაზის განვითარება, დაგეგმვის, კონტროლის და ბიუჯეტირების ფუნქციები, სტრატეგიული პროექტების მართვის ფუნქციები და/ან სხვა მსგავსი სამუშაო თუ პერმანენტულად, სპეციალურად ამისთვის დაქირავებული პერსონალის მეშვეობით არ კეთდება, სხვა შემთხვევაში ეს მიმართულებები ყოველთვის მეორეხარისხოვან რეჟიმში მუშაობს და არასოდეს არ სრულდება იმ ტემპში და იმ ხარისხით, როგორც ეს სტაბილური ზრდისთვის არის საჭირო.
მსგავსი სიტუაციაა იმ ორგანიზაციებშიც, სადაც ამ ფუნქციების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ადამიანები არსებობენ, მაგრამ მათ ამ საქმის პარალელურად სხვა მიმდინარე ფუნქციებიც აქვთ. ან მათი სტატუსი ორგანიზაციაში არ არის იმდენად მაღალი, რომ საკმარისი იყოს ამ ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო რესურსების მიღებისთვის.
იმისათვის, რომ ორგანიზაცია სტაბილურად, სწრაფად და დინამიურად ვითარდებოდეს, აუცილებელია უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს შორისაც გაჩნდნენ ხელმძღვანელები, რომლებიც მხოლოდ განვითარების მიმართულებაზე პასუხისმგებლები იქნებიან. გარდა ამისა, საჭიროა შეიქმნას სპეციალური პოზიციები და სამსახურები, რომლებიც ასევე მხოლოდ განვითარების პროექტებზე იმუშავებენ. დამატებით, უნდა არსებობდეს პერიოდული შეხვედრების ისეთი ფორმატები, რომელიც ამ პროცესში ჩართულ ხელმძღვანელებს, სამსახურებს და თანამშრომლებს კოორდინირებას და კომუნიკაციას გაუადვილებს.