საკუთარი თანამშრომლების დაწინაურების უპირატესობები ვაკანტურ პოზიციებზე

როდესაც ორგანიზაციაში ვაკანტური პოზიცია ჩნდება (არ ეხება ყველაზე დაბალ საფეხურს), უმჯობესია, ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ეცადოს, შიდა კადრით დააკომპლექტოს ის, და თუ ეს ვერ მოხერხდება, მხოლოდ მაშინ დაიწყოს გარეთ ძიება.

საკუთარი თანამშრომლის დაწინაურებას შემდეგი პლუსები აქვს:

  1. დაწინაურებული თანამშრომლების მოტივაცია – ახალი საქმე, ახალი გამოწვევები, ახალი პასუხისმგებლობა ყოველთვის ძალიან დიდი მოტივატორია თანამშრომლისათვის. შესაძლოა, ის ბოლომდე შესაფერისი არ იყოს ახალი პოზიციის, მაგრამ ნდობა და განვითარების შანსის მიცემა აიძულებს მას, მაქსიმალური შედეგები დადოს და არ გაუცრუოს იმედი თანამშრომლებს, ან არ შერცხვეს მათ წინაშე.
  2. სხვა თანამშრომლების მოტივაცია – როდესაც ორგანიზაციის პოლიტიკაა შიდა კადრების დაწინაურება, ყველა ხედავს, რომ აქვს ზრდის და განვითარების შესაძლებლობა და გრძელვადიანად განიხილავენ თავს ორგანიზაციის თანამშრომლად. ამასთან, იზრდება მოტივაცია, უკეთ წარმოაჩინონ თავი, უკეთ იმუშაონ, რათა შეამჩნიონ და დაუფასონ შრომა.
  3. ადაპტაციის სიმარტივე – შიდა თანამშრომელი იცნობს ორგანიზაციას, თანამშრომლებს, კულტურას, ახალი საქმის ათვისება მისთვის გაცილებით მარტივია, ვიდრე სრულიად უცხო ადამიანისათვის. გარედან მოყვანილ კადრს რამდენიმე თვე სჭირდება, რომ გაერკვეს სიტუაციაში, საქმის კეთების სპეციფიკაში, მოერგოს თანამშრომლებსა და გუნდს.
  4. ლოიალური თანამშრომლები – ის კადრები, რომლებიც ყველაზე დაბალ საფეხურებზე იწყებენ და ადიან მაღალ პოზიციებზე, გაცილებით ერთგულები არიან საკუთარი კომპანიის, მეტად აფასებენ ამ მიღწევას და უფრთხილდებიან მას, აქვთ მზრუნველობის, საკუთრების შეგრძნება, ვიდრე გარედან მოყვანილ თანამშრომელს.
  5. ნაკლები რისკები – არსებულ თანამშრომელს კარგად იცნობს ორგანიზაცია, დაახლოებითი მოლოდინები აქვს, რას გაართმევს თავს, რას მიაღწევს, ხოლო ახალი თანამშრომლის შემთხვევაში ძალიან ხარისხიანი რეკრუტინგის გარეშე დიდი რისკებია – შესაძლოა, ვერ მოერგოს გარემოს, ვერ გაართვას თავი საქმიანობას, არ მოეწონოს მისი სამუშაო, გახდეს დემოტივირებული და ა.შ..

რა თქმა უნდა, გვინახავს შემთხვევებიც, როდესაც შიდა კადრის შერჩევა ვერ მოხდა ახალ პოზიციაზე და გარედან დაკომპლექტდა ძლიერი სპეციალისტით, რომელმაც გაამართლა დირექტორატის იმედები, თუმცა ასეთი ისტორიები არ არის ხშირი და ძირითადად სწორად წარმართული შერჩევის პროცესების დამსახურებაა, რაც საკმაოდ დიდ რესურსსა და ენერგიას მოითხოვს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება