მოჯადოებული წრე

ცნობილია, რომ სტრატეგია უნდა განსაზღვრავდეს სტრუქტურას. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება.

როდესაც სტრუქტურა იწყებს სტრატეგიის განსაზღვრას, ანუ როდესაც მენეჯმენტის გუნდი ერთად ისეთ სტრატეგიას ქმნის, რომელიც მათი პირადი სტრუქტურული პოზიციებისთვის არის ხელსაყრელი, ორგანიზაცია სტრუქტურის ტყვეობაში ვარდება. აქედან გამოსვლასაც ან ვეღარ შეძლებს, ან მხოლოდ მაშინ დააღწევს მას თავს, როდესაც პირველი პირი შეიცვლება, ან ეს ყველაფერი ორგანიზაციას განსაკუთრებულად მძიმე კრიზისამდე მიიყვანს.

რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ორგანიზაციის სტრატეგიის ფორმირებისას ხელმძღვანელი მმართველი გუნდის დანარჩენი წევრების მოსაზრებებს ითვალისწინებს. მაგრამ, როდესაც ეს უკანასკნელნი ამ დროს რჩევებს და წინადადებებს არა როგორც მმართველი გუნდის წევრები, არამედ როგორც კონკრეტულ მიმართულებაზე პასუხისმგებელი ადამიანები იძლევიან, როდესაც მათი მიზანი ამ პროცესში საკუთარი სტრუქტურული პოზიციის დაცვა და გაძლიერება ხდება, როდესაც ისინი უმთავრეს მიზნად შემდეგ მოქმედებებში მათი პირადი მიმართულების განვითარებას ისახავენ და არა მთლიანად ორგანიზაციისას, ასეთ დროს სტრუქტურა იწყებს სტრატეგიის განსაზღვრას და არა პირიქით. ამას კი ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანი პრობლემები შეიძლება მოჰყვეს.

პირველ რიგში, ასეთ დროს, სტრატეგია უფრო შიდა ტენდენციებზე და პროცესებზე ხდება დამოკიდებული. იგი ნაკლებად პასუხობს გარემოში მიმდინარე პროცესებს. რის გამოც ორგანიზაცია ნელ-ნელა კარგავს კონკურენტუნარიანობას, უფრო მეტად თვითკმაყოფილი ხდება საკუთარ მოქმედებებში.

მაშინაც კი, როდესაც ასეთი ორგანიზაციების წარუმატებლობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, მენეჯმენტი ახერხებს საკუთარი თავის და დამფუძნებლების დიდხანს დარწმუნებას იმაში, რომ ეს ყველაფერი ნორმალურია, კარგიც კია და რომ კონკურენტები მხოლოდ არაკეთილსინდისიერი ან მათთვის გრძელვადიანად დამღუპველი გზებით აღწევენ მხოლოდ და მხოლოდ მოკლევადიან წარმატებებს.

ასეთ დროს, ასეთ ორგანიზაციებში არსებითი სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება ფაქტიურად შეუძლებელი ხდება აქ. მენეჯმენტის გუნდის წევრები, რომლებიც კომფორტულად გრძნობენ თავს, გააფთრებული ეწინააღმდეგებიან მათი გავლენის სფეროში ნებისმიერ არსებით ცვლილებას და მხოლოდ უმნიშვნელო სტრუქტურული გადაჯგუფებით იწყებენ უწყვეტი ცვლილებების ილუზიის შექმნას.

უფრო მეტიც, ისინი კიდევ უფრო აღრმავებენ საკუთარ ვერტიკალს, კიდევ უფრო ართულებენ სტრუქტურას რითაც მომავალ ცვლილებებსაც კიდევ უფრო წარმოუდგენელს ხდიან.

ასეთი ორგანიზაციები დღითიდღე მძიმდებიან და მოუქნელები ხდებიან, სულ უფრო მეტი და მეტი ენერგია იწყებს შიდა ურთიერთობებზე, ბრძოლებზე და გაუგებარ, არაპროდუქტიულ პროცესებზე ხარჯვას, გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა პროექტებს და ფუნქციებს, რომლებსაც შედეგებზე მეტი გავლენა აქვთ. ასეთ დროს ორგანიზაცია საკუთარ ქსელში გახლართულ ობობას ემსგავსება, რომელიც რაც უფრო მეტს მოძრაობს კიდევ უფრო მეტად იხლართება და სხვა რომელიმე ცხოველისთვის, ფრინველისთვის ან მწერისთვის კიდევ უფრო იოლი ლუკმა ხდება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “მოჯადოებული წრე”


  1. Mamuka
    on Feb 23rd, 2015
    @ 13:09

    ბატონო პაპუნა,

    კარგი წერილია – აღწერილი პრობლემის “სტრატეგია უნდა განსაზღვრავდეს სტრუქტურას”დამდგარი შედეგების ფიქსირების თვალსაზრისით, თუმცა შესაძლოა გზავნილი უფრო მნიშვნელოვანიც ყოფილიყო თუ პრობლემიდან გამოსავლის კონკრეტული გზები იქნებოდა ჩამოთვლილი, ისეთი სფეროებიდან როგორებიცაა: გადაწყვეტილებათა მიღების თეორია, სიტუაციური და ფაქტოლოგიური განუზღვრელობის კვლევა-შედეგი ფაზი ლოღიკით(Fuzzy Logic), დარგობრივი პროფილის ექსპერტული სისტემები(Expert Systems) და სხვა სისტემაშემქმნელი კატეგორიების ოპერირებით მიღებული სტრატეგია-სტრუქტურის კორელაციის ტოპოლოგია.

    პატივისცემით

    მამუკა მაცაბერიძე
    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის(სტუ) კომერციალიზაციის დეპარტამენტის უფროსი,
    სტუ-ს სრული პროფესორი,
    საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება