სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ ხელმძღვანელს უნიშნავენ მოადგილეს არა მისი, არამედ დამფუძნებლების ან ზემდგომების არჩევანით, ისეთ ადამიანს, რომელთანაც მათ უფრო კარგი ურთიერთობა აქვთ, ვიდრე თვითონ ამ ხელმძღვანელთან. ასეთი კადრები ძალიან ხშირად ორგანიზაციების მართვის სისტემას ანგრევენ და ამით უდიდეს ზიანს აყენებენ მას.
ასეთი “ჩასმული” ხელმძღვანელების არსებობა ხელს უშლის მმართველი გუნდის ჩამოყალიბებას. ასეთ დროს ზოგი ერთ ხელმძღვანელთან იწყებს მიკედლებას, ზოგი მეორესთან. მაშინაც კი, როდესაც ყველა დანარჩენი ხელმძღვანელთან მუშაობას ანიჭებს უპირატესობას, გუნდი გუნდს მაინც არ გავს, ვინაიდან “ჩასმული კაცი” თავს ამ გუნდის გარეთ აყენებს და ყველანაირად (ქვეცნობიერად ან გააზრებულად) ხელს უშლის გუნდური მართვის პრინციპების დამკვიდრებას.
ასეთი ადამიანების არსებობა დიდ ზიანს აყენებს ხელმძღვანელის რეპუტაციას მთლიან ორგანიზაციაში. თანამშრომლების დიდი ნაწილი გრძნობს, რომ ხელმძღვანელი ორგანიზაციას სრულად ვერ მართავს, რაც მისგან წამოსულ დავალებებს და მითითებებს გაცილებით ნაკლებად შესრულებადს ხდის.
ასეთი სიტუაცია ძალიან ხშირად ხდება, როგორც ფარული, ისე ღია შიდა კონფლიქტების მიზეზი, არა მარტო ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს შორის, არამედ სხვა ადამიანებს შორისაც. ეს კიდევ უფრო ამძიმებს ორგანიზაციაში არსებულ მდგომარეობას, ზრდის სტრესებს, ამცირებს ადამიანების საქმიანობის ეფექტიანობას.
ყველაზე ცუდი კი, რაც ასეთ დროს ხდება, არის ის, რომ ხელმძღვანელის რეალური ძალაუფლება მნიშვნელოვნად მცირდება მაშინ, როდესაც მისი პასუხისმგებლობა საბოლოო შედეგებზე იგივე რჩება. წარმოიქმნება მნიშვნელოვანი დისბალანსი პასუხისმგებლობასა და ძალაუფლებას შორის, ეს კი თრგუნავს, აკნინებს და დემოტივირებულს ხდის ხელმძღვანელს.