რატომ არ არის სასურველი, პირველი პირი პირადად კურირებდეს სტრატეგიული მნიშვნელობის ფუნქციებს

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრმა პირად დაქვემდებარებაში გადაიყვანა საინვესტიციო სააგენტო. ფუნქციების ასეთი აკუმულაცია უშუალოდ პირველი პირის დაქვემდებარებაში ბევრ პრობლემას ქმნის ნებისმიერ ორგანიზაციაში და გარკვეული რაოდენობის შემდეგ აზიანებს, როგორც თვითონ ამ ფუნქციებს, ისე, დროთა განმავლობაში, საერთო მართვის ეფექტიანობას უქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს.

როდესაც სამსახური პირველი პირის დაქვემდებარებაში გადადის, მას პირველ ეტაპზე უადვილდება გარკვეული საკითხების გადაწყვეტა, მეტ ყურადღებას და მხარდაჭერას იღებს და რესურსებზეც მეტი წვდომა უჩნდება. ეს მის შედეგებს მოკლევადიან პერიოდში აუმჯობესებს. თუმცა, როდესაც პირველ პირს ამის შემდეგ უჩნდება აზრი, რომ მისი კარგი მენეჯერობაა შედეგების გაუმჯობესების მიზეზი და სადაც პრობლემაა ყველა სამსახურის და ფუნქციის პირადად დაქვემდებარებას იწყებს. ამით გაცილებით ართულებს ჯამურად ორგანიზაციის მართვასაც და საბოლოოდ თვითონ ამ ფუნქციების შესრულებისთვისაც მნიშვნელოვნად ხელის შეშლას იწყებს.

რაც უფრო იზრდება მის მიმართ უშუალოდ დაქვემდებარებული ფუნქციების რიცხვი, მით უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობს ის თითოეულ მათგანს, მით უფრო მეტ რუტინულ და ოპერაციულ პროცესებში უწევს მონაწილეობის მიღება და შესაბამისად ბევრად უფრო ნაკლებად ახერხებს გამონახოს დრო მართლაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხების გააზრებისა და გადაწყვეტისათვის.

ამას გარდა, გასაგებია, რომ ორგანიზაციის გარეთ ჯამურ შედეგებზე სწორედ პირველი პირი აგებს პასუხს, მაგრამ, დირექტორატზე, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები იხილება და ყველა მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა დგება ორგანიზაციის შიგნით, არასდროს არ განიხილავენ მკაცრად იმ საკითხებს, რომლებიც პირველ პირს უშუალოდ აქვს დაქვემდებარებული, და რომლებსაც სხვა პასუხისმგებელი დირექტორატის წევრებს შორის არ ყავს.

პირველი პირი თავის თავს პასუხს არ მოსთხოვს. მას ყოველთვის ბევრი მიზეზი ექნება, საკუთარი თავის წინაშე იპოვოს გამართლება, რატომ ვერ მოიცალა ამა თუ იმ საკითხისათვის ჯეროვნად მისახედად. ეს ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის წნევა იმ ფუნქციებზე და ამოცანებზე, რომლებსაც პირველი პირი უშუალო დაქვემდებარებაში იტოვებს, ბევრად უფრო ნაკლებად წარმოიქმნება, ვიდრე იმ ფუნქციებზე, რომლებსაც სხვა, კონკრეტული პასუხისმგებელი ჰყავს დირექტორატის წევრებს შორის. ამ უკანასკნელ საკითხებზე პირველი პირი ბევრად უფრო კატეგორიულად და თანმიმდევრულად ითხოვს პასუხს და ეს არის კიდეც მისი უშუალო ფუნქცია.

სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ ფუნქციებს აუცილებლად ყავდეს პასუხისმგებელი დირექტორატის წევრებს შორის და თანაც არა პირველი პირი, იმისათვის, რომ შეიქმნას პასუხისმგებლობის წნევა. ეს აიძულებს ამ ადამიანს მეტი ყურადღება დაუთმოს, მეტი იფიქროს ამ მიმართულებით, მეტი იდეების გენერაციას შეუწყოს ხელი და იზრუნოს მათ აღსრულებაზე. პირველმა პირმა კი ბევრად უფრო კატეგორიულად, თანმიმდევრულად, უმაღლესი მართვის დონეზე უნდა მოითხოვოს ამ ამოცანების გადაწყვეტა. იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც მას ვიღაცა გაუბედავს და კითხავს, თუ რატომ არის პრობლემები მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებული ფუნქციების მიმართულებით, ის არ უნდა ამბობდეს – რა ვქნა, ვერ ვიცლი, მილიონი სხვა საქმე მაქვს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება