სანამ გზების ძიება ხელმძღვანელის საქმეა, ორგანიზაცია წარმატებას ან ვერ მიაღწევს, ან ძალიან გაუჭირდება ამ წარმატების შენარჩუნება. იდეებზე, ინიციატივებზე, პრობლემების გადაწყვეტის გზებზე თანამშრომლები და შესაბამისი სამსახურები უნდა მუშაობდნენ. ხელმძღვანელები კი მათგან წამოსული წინადადებების ანალიზით, გადარჩევით და საუკეთესო გზების დანერგვით უნდა იყვნენ დაკავებული.
სულ უფრო ხშირად გვესმის – ამ ხელმძღვანელის ინიციატივით ეს კეთდება, იმ ხელმძღვანელის ინიციატივით ის და ეს ისე შუქდება, რომ თითქოს ეს მათ კიდევ უფრო მეტი დიდებით უნდა მოსავდეს. არადა ხელმძღვანელის საქმე სულაც არ არის იდეებზე და ინიციატივებზე ფიქრი. ის თუ რაიმე იდეაზე უნდა ფიქრობდეს, ძირითადად იმაზე, თუ როგორ გახადოს მისი ორგანიზაცია უკეთესი იმისათვის, რომ ახალ იდეებზე და ინიციატივებზე თანამშრომლები ფიქრობდნენ და არა ხელმძღვანელები.
თუ შესაბამისი სტრუქტურები არ იმუშავებენ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების გზებზე, ინვესტიციების მოზიდვაზე ქვეყანაში, ადგილობრივი წარმოების განვითარების პროგრამებზე, ექსპორტის, ტურიზმის თუ სოფლის მეურნეობის სტიმულირებაზე და სხვა სტრატეგიული პრობლემების და ამოცანების გადაწყვეტის გზებზე, თუ ამ ყველაფერზე პრემიერმა, მინისტრებმა ან მათმა მოადგილეებმა უშუალოდ უნდა იფიქრონ, მაშინ არც იდეების რაოდენობა იქნება საკმარისი, არც მათი ხარისხი იქნება მაღალი და არც განხორციელების შანსები იქნება მაინც და მაინც დიდი.
აუცილებელია იდეების, ინიციატივების, პროექტების გენერაციის, დამუშავების და შემდეგ უკვე განხორციელების ტვირთმა მაქსიმალურად გადაინაცვლოს არათუ საშუალო რგოლის ხელმძღვანელებზე, არამედ რიგით თანამშრომლებზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიწყებენ სახელმწიფოც და ორგანიზაციებიც უკეთ მუშაობას, ცოდნის დაგროვებას, ბევრად უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას და მათ უკეთ განხორციელებასაც.
ამისთვის კი აუცილებელია თანამშრომლების როლების, პასუხისმგებლობების და ძალაუფლების სწორად განსაზღვრა, მათი ინტენსიური სწავლება, მათი ანგარიშგების, შეფასებისა და მოტივაციის სისტემების, ასევე ძირითადი პროცესების ამ ამოცანის შესაბამისად ორგანიზება.
ოქტომბერი, 2014წ