ორგანიზაციის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანები მაღალი ხარისხით რომ დაამუშაოს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმებში გადაიტანოს, მენეჯმენტმა მცირე ჯგუფები შეიძლება დააკომპლექტოს, მათ დაავალოს მომავალ წელს გადაწყვეტის გზების ძიება და შესაბამის პასუხისმგებლებს დააკისროს მათი განხორციელება. ამისთვის კი რამდენიმე ნაბიჯისგადადგმაა საჭირო:
- მენეჯმენტის გუნდმა უნდა განსაზღვროს კომპანიის სტრატეგიულ ამოცანებს შორის პრიორიტეტები – რაზე უნდა დაიხარჯოს ყველაზე დიდი ძალისხმევა მომდევნო წელს – #1, #2, #3 და ა.შ., მაქსიმუმ 5 პრიორიტეტული ამოცანა.
ვინაიდან ყველაფერს ორგანიზაცია ვერ გააკეთებს, ამიტომ რეალობიდან, ორგანიზაციის შესაძებლობებიდან და გარემო მოთხოვნებიდან გამომდინარე მან პრიორიტეტები უნდა გააკეთოს. - თითოეულ ამოცანაში მენეჯმენტის გუნდი საჭიროა შეთანხმდეს, რაზე უნდა გაკეთდეს მთავარი აქცენტები მომდევნო წლის სამოქმედო გეგმაში.
მაგ., თუ ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა არის პროდუქტების განვითარების ამოცანა, უნდა დაისვას აქცენტი – რაზე დახარჯოს მომდევნო წელს მეტი ძალისხმევა ორგანიზაციამ, უფრო ახალი პროდუქტების განვითარებაზე თუ არსებულის დახვეწაზე? ან საკადრო ბაზის განვითარების ამოცანაში პრიორიტეტი კადრების სწავლება და განვითარებაა, თუ მოტივაციის გაზრდა, ან ადექვატური კადრების შერჩევის უზრუნველყოფა და ა.შ. - თითოეულ სტრატეგიულ ამოცანაზე მენეჯმენტმა უნდა განსაზღვროს მცირე სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა, რომელსაც დაევალება ამ ამოცანის დამუშავება და მის გადასაჭრელად ღონისძიებების და პროექტების ჩამონათვალის მომზადება.
ესენი შეიძლება იყვნენ უშუალოდ მათ განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები, ასევე ამოცანასთან ყველაზე მეტად დაკავშირებული საშუალო რგოლის მენეჯერები და უბრალოდ ინიციატივიანი თანამშრომლები, ვისაც ღირებული წვლილის შეტანა შეუძლიათ იდეები მოფიქრებაში. ჯგუფებს უნდა მიეცეთ კონკრეტული ვადა, პირობითად 1 კვირა, რა ვადაშიც, მათ კონკრეტული იდეები უნდა წარმოადგინონ ამ ამოცანების მიმართულებით. - სამუშაო ჯგუფს რეალურად 3 შეხვედრაზე შეუძლია ამოცანის კარგად გააზრება და იდეების ჩამონათვალის მომზადება, რაც შეიძლება გაკეთდეს მოდევნო წელს ამ ამოცანის გადასაწყვეტად.
ჯგუფმა ამ იდეების განხორციელებაზე სავარაუდო პასუხისმგებლებიც უნდა განსაზღვროს და საჭირო რესურსების სიაც, რაც მის განხორციელებას დაჭირდება (მაგ., კადრის დამატება, ტრენინგების დაფინანსება, პროგრამული მოდულის გაკეთება ან სხვ.). ჯგუფმა უნდა შეარჩიოს სპიკერი, რომელიც მენეჯმენტის წინაშე ამის პრეზენტაციას გააკეთებს. - სამუშაო ჯგუფების მიერ იდეების პრეზენტაციისთვის ძალიან კარგი ფორმატია ქალაქგარეთ გასვლითი შეხვედრის დაგეგმვა.
ღონისძიებაზე,მენეჯმენტთან ერთად, სამუშაო ჯგუფების წევრებიც იქნებიან და გაფართოებული შემადგენლობით სპიკერები თავიანთი ჯგუფების ნამუშევრებს გაუკეთებენ პრეზენტაციას. მენეჯმენტის როლია , მათი მოსმენა, არგუმენტების მოთხოვნა, იდეების შეფასება და გადარჩევა.
პრაქტიკაში ამის განხორციელება სულაც არ არის რთული, არ მოითხოვს ბევრ დამატებით რესურსს. ამ დროს ძალიან ეფექტურია, ამოცანების ხარისხიანად დამუშავებისთვის, როცა მათ ჯგუფურად ვამუშავებთ, საჭირო ადამიანების მონაწილეობით და სტრატეგიული პრიორიტეტების პრაქტიკულ, სამოქმედო გეგმებში გადატანისთვის. თუ არაფერს ვიტყვით იმაზე, რომ ეს ადამიანები უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან მათ მიერ გენერირებული და მენეჯმენტის მხრიდან მოწონებული იდეების განხორციელებას.