ბოლო წლების განმავლობაში მრავალი სტრუქტურის ანალიზი გაგვიკეთებია, სადაც, უმეტესად, ხარვეზები ეხებოდა მნიშვნელოვანი რგოლების არარსებობას და სტრატეგიულ ამოცანებზე პასუხისმგებელი პოზიციების არქონას. თუმცა, გვხვდება ორგანიზაციებიც, სადაც ყველა პრიორიტეტული ამოცანაა წარმოდგენილი, მაგრამ არასათანადოდ და არასწორად. რა თქმა უნდა, მეორე ტიპის ორგანიზაციები უფრო მეტად განვითარებულები არიან, მაგრამ სამსახურების არასათანადო განლაგება არანაკლებ ხარვეზებს ქმნის მუშაობაში. არასათანადო განლაგებაში კი შემდეგ გადაწყვეტებს ვგულისხმობთ:
- კონფლიქტური ფუნქციების ერთ უფროსთან დაქვემდებარება – კონფლიქტური სამსახურები გულისხმობს იმას, რომ ერთი სამსახურის ცუდი საქმიანობა პირდაპირ აისახება მეორეს შედეგზე. როდესაც ეს რგოლები ცალ-ცალკე არიან, მუდმივად თამამად აცხადებენ ამ პრობლემების შესახებ და მიუთითებენ მეორეს შეცდომებზე, რაც მენეჯმენტის ინფორმირებულობას უზრუნველყოფს. ერთად დაჯგუფების შემთხვევაში კი უფროსი ამ პრობლემებს თავისთან კეტავს, საკუთარი ძალებით ცდილობს მოგვარებას, მაგრამ უმაღლეს მენეჯმენტს არ აქვს ინფორმაცია – ვინ მუშაობს კარგად და ვინ – ცუდად.
- კოორდინაციის ფუნქციების გაყოფა – არსებობს რგოლები, რომელთა შორისაც აუცილებელია გამართული კომუნიკაცია და ერთობლივი, გადაჯაჭვული მუშაობა. თუ მათ დავაშორებთ და სხვადასხვა უფროსს დავუქვემდებარებთ, ხელოვნურად აღვმართავთ ბარიერებს მათ შორის და გავურთულებთ საქმიანობას.
- ოპერაციული და განვითარებული ფუნქციების გაერთიანება – თუ ხელმძღვანელს ექვემდებარება ოპერაციული სამსახურიც და განვითარების სამსახურიც, მას არასდროს ექნება საკმარისი დრო განვითარების სამსახურისთვის, ვინაიდან ოპერაციული ფუნქციები მუდმივ ყურადღებას, ჩართულობას მოითხოვს.
ეს არის სტრუქტურის წესებიდან ნაწილი საკითხებისა, რომლებიც ორგანიზაციის რედიზაინისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.