ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების თითქმის ყველა რაოდენობრივი მაჩვენებლისათვის არსებობს სტრუქტურული გადაწყვეტილებები, რომლებსაც მათი რადიკალური გაუმჯობესება შეუძლია. შემოსავლების ზრდა, ხარჯების შემცირება, თანამშრომელზე მოგების მაჩვენებელი, საქმიანობის რენტაბელობის შეფასების პარამეტრები, ნებისმიერ სხვა მაჩვენებელს შეიძლება რადიკალურად შევუცვალოთ დინამიკა თუ ამისათვის საჭირო სტრუქტურულ ცვლილებებს განვახორციელებთ. აი მაგალითად, ორგანიზაციის ხარჯთეფუქტურობა ბევრად შეიძლება გაუმჯობესდეს:
ა) თუ ორგანიზაციას ფინანსური მენეჯერი ეყოლება, რომელსაც უმაღლესი მართვის გუნდში შევიყვანთ და მას მომგებიანობის მაღალ მაჩვენებელზე დავაკისრებთ მკაფიო და კონკრეტულ პასუხისმგებლობას. ეს ადამიანი აქტიურად დაიწყებს ორგანიზაციის დაცვას არარენტაბელური გადაწყვეტილებებისგან, ისწავლის შესაბამისი დათვლების კეთებას, არგუმენტების მოძიებას, ამსჯელებს, აკამათებს მენეჯმენტს ამ საკითხებზე და დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან თანხებს დააზოგინებს ორგანიზაციას.
ბ) თუ შესყიდვებს, ფინანსურ დაგეგმვას, მარაგების მართვას და მატერიალური უზრუნველყოფის ფუნქციებს ერთმანეთს დავაცილებთ. ამით ფინანსური, მარაგების, შესყიდვების დაგეგმვის დისციპლინა, ხარისხი და კომპეტენცია მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც დროთა განმავლობაში დაუგეგმავი შესყიდვების მოცულობასაც შეამცირებს და ამ მიმართულებით საქმიანობასაც ფინანსურად უფრო ეფექტიანს გახდის. (სამწუხაროდ ბევრ ქართულ ორგანიზაციაში, განსაკუთრებით საჯარო სფეროში, შეხვდებით ამ ფუნქციებს ერთ ქვედანაყოფში, რაც ძალიან ხშირად ხდება არასათანადო ფინანსური, დაგეგმვის და ზოგადად არახარჯთეფექტური საქმიანობის მიზეზი).
გ) თუ გავაკეთებთ მცირე სამუშაო ჯგუფს, რომელსაც ფინანსურ ხელმძღვანელს დავუქვემდებარებთ და ხარჯების შემცირების ამოცანას დავაკისრებთ, რომელიც ხარჯების ანალიზზე მუშაობას, თანამშრომლებს შორის ეკონომიის იდეების მოგროვებას, ასევე დარგისთვის საინტერესო ხარჯთეფუქტური გადაწყვეტილებების საერთაშორისო პრაქტიკაში ძიებას დაიწყებს, ეს რგოლო დროთა განმავლობაში ისწავლის ამ იდეების ძიებას, დამუშავებას და განხორციელებას. იგი მნიშვნელოვან თანხებს დააზოგინებს, განსაკუთრებით დიდ ორგანიზაციებს.
დ) თუ ორგანიზაციის მაღალხარჯიან უბნებზე ინიციატივიანი, შემოქმედებითი და ლოიალური რიგითი თანამშრომლებისგან ხარჯთეფექტურობის პარალელურ გუნდებს გავაკეთებთ, რომლებიც პერიოდულად შეიკრიბებიან და მენეჯმენტს ხარჯების შემცირებისათვის წინადადებებს მოუმზადებენ, დროთა განმავლობაში ბევრ პატარ-პატარა გზას იპოვის და აითვისებს ორგანიზაცია ხარჯების თვალსაზრისით, უფრო ეფექტიანი საქმიანობისთვის.
ე) თუ საფინანსო სამსახურში გვეყოლება ადამიანი, რომელიც მენეჯმენტის მიერ მისაღები გადაწყვეტილებების მოსალოდნელ ფინანსურ ეფექტიანობას დაითვლის და ამ ანალიზს წარუდგენს მათ, ეს დროთა განმავლობაში ფინანსური თვალსაზრისით არაეფექტიანი გადაწყვეტილებების რაოდენობას სულ უფრო შეამცირებს.
ამ და სხვა სტრუქტურული გადაწყვეტილებებით ორგანიზაცია ნელ-ნელა ხარჯების დაზოგვასაც ისწავლის და ხარჯთეფექტურობის მაჩვენებლის დინამიკას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
—
გადაამოწმეთ თქვენი კომპანიის სტრუქტურა ხომარ შეიცავს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საფრთხეებს. სინერჯი ჯგუფი გთავაზობთ ორგანიზაციული სტრუქტურის დიაგრამის შეფასებას.
ყოველწლიურად სინერჯი 50-მდე მსგავს ანალიზს აკეთებს, რის საფუძველზეც უმეტესობა ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებს აინიცირებენ.