კოლეგიალური ორგანოები ორგანიზაციის მართვის სტრუქტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მათი მეშვეობით მეტი ადამიანი ერთვება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, იზრდება გადაწყვეტილებების ხარისხი, უფრო ჩქარდება პროცესები, იზრდება ადამიანების ინფორმირებულობის დონე, მოტივაცია და პასუხისმგებლობა მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებაში. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ეს ორგანოები ზრდიან მენეჯმენტის ყურადღების, როგორც უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციული რესურსის, მოცულობასაც და კონცენტრაციის ხარისხსაც და ანაწილებენ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებებით.
გუშინ ტელევიზორში, ერთ-ერთ საინფორმაციო გადაცემაში მოვკარი თვალი, როგორ საუბრობდა ბატონი რომან გოცირიძე საბჭოებზე, როგორც საბჭოურ გადმონაშთზე და მისი, როგორც პროცესების შეფერხების და პასუხისგებლობის შემცირების მიზეზზე და მის სხვა უარყოფით მხარეებზე.
რეალობაში ორგანიზაციული მოწყობა კოორდინაციის და კომუნიკაციის სამ ძირითად გადაწყვეტას იცნობს:
1. სტრუქტურული ქვედანაყოფების ერთ ვერტიკალში მოქცევით და ერთ ხელმძღვანელთან უშუალო დაქვემდებარებით ვზრდით მათ შორის კომუნიკაციას და კოორდინაციის ხარისხს. ისინი ერთ ენაზე იწყებენ ლაპარაკს და ერთი ხელმძღვანელის ქვეშ ადვილად ცვლიან ინფორმაციას. უფრო შეთანხმებულად და ორგანიზებულად იწყებენ მოქმედებას.
2. თუმცა, სხვადასხვა ვერტიკალში მოხვედრილ სამსახურებსაც სჭირდება კოორდინაცია და ინფორმაციის გაცვლა ერთმანეთში. სადაც ერთეულების ერთად დაჯგუფება ვერ ხერხდება და ერთი ხელმძღვანელის ქვეშ მათი მოქცევა შეუძლებელია, იქ სწორედ რეგულარული შეხვედრების ორგანიზებით შესაძლებელი ხდება სხვადასხვა ქვედანაყოფების ერთად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
3. არსებობს მესამე კუსტარული გამოსავალიც – ლოკაციური. როდესაც სამსახურები სხვადასხვა დაქვემდებარებაშია, მაგრამ მათ შორის კომუნიკაციის და კოორდინაციის მაღალი ხარისხი გვჭირდება, იმათ ერთ სივრცეში ვსვამთ და ასე ვცდილობთ ამ ამოცანის გადაჭრას.
სწორედ მეორე გზა ითვლება ყველაზე ეფექტურ და ყველაზე გამოცდილ გზად. მაგრამ არა იმ გაუთავებელი თათბირების ფორმატში, რითაც საბჭოურმა წყობამ დაგვამახსოვრა თავი, არამედ სწორ თემაზე, სწორი შემადგენლობის, სწორი რეგულარობით შეკრებებით, რის გარეშეც თითქმის ვერცერთი ორგანიზაცია შეძლებს შეწყობილად და გამართულად მუშაობას.
იქ, სადაც ადამიანები ერთმანეთს დერეფნებში დასდევენ, რომ საკითხები შეუთანხმონ, დირექტორთან ინდივიდუალურად დადიან და ეტუტუნებიან გამუდმებით. იქ, სადაც მიღებული გადაწყვეტილებები არასაკმარის და არასრულ ინფორმაციას ეფუძნება და მათ შესახებაც ყველაზე ბოლოს იგებენ ისინი, ვისაც ეს გადაწყვეტილებები ყველაზე მეტად ეხება და სჭირდება რომ იცოდეს, აი იქ არის ნამდვილი საბჭოთა კავშირი.
ჩვენ წელიწადში 50-მდე დიდი ორგანიზაციის სტრუქტურას ვაკეთებთ, თითქმის ყველგან აუცილებლად იქმნება დირექტორატი, როგორც მმართველობითი ყურადღების კონცენტრაციის და განაწილების ყველაზე მთავარი ორგანო, განვითარების საბჭო – როგორც განვითარების საკითხების მაკოორდინირებელი და მაფორსირებელი ორგანო და საოპერაციო საბჭო, როგორც ოპერაციებში ჩართული ერთეულების მთავარი დამაორგანიზებელი ფორმატი, რამაც მათი გამართული, შეწყობილი თანამშრომლობა უნდა უზრუნველყოს. ამის გარდა, თითქმის ყველა ორგანიზაციაში იქმნება მინიმუმ 2-3 სხვა მსგავსი რგოლი, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. იქნება ეს რისკების მართვის საბჭო, IT კომიტეტი თუ სხვა.
ამ რგოლების გარეშე ვერც ქვედა რგოლების ჩართულობა, ვერც მათი ინფორმირებულობის და მოტივაციის დონის გაზრდა ვერ ხერხდება რეალურ ცხოვრებაში და ვერც პასუხისმგებლობის გაზრდა მათთვის ყოველდღიური გადაწყვეტილებების როგორც მიღებისას, ისე აღსრულებისას.
—
გადაამოწმეთ თქვენი კომპანიის სტრუქტურა ხომარ შეიცავს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საფრთხეებს. სინერჯი ჯგუფი გთავაზობთ ორგანიზაციული სტრუქტურის დიაგრამის შეფასებას.
ყოველწლიურად სინერჯი 50-მდე მსგავს ანალიზს აკეთებს, რის საფუძველზეც უმეტესობა ამ ხელმძღვანელებისა მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებს აინიცირებენ.