ის, თუ რამდენად ცხადად და რამდენად სწორად არის განაწილებული პასუხისმგებლობები უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის, ყველაზე მეტად განსაზღვრავს ორგანიზაციის წარმატებასაც და წარუმატებლობასაც, როგორც საშუალო, ისე გრძელვადიან პერიოდში.
ყველა იმ ორგანიზაციაში, სადაც მართვის სისტემების დეტალური დიაგნოსტიკა გვაქვს გაკეთებული, სწორედ უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის პასუხისმგებლობის განაწილების პრინციპი განსაზღვრავდა:
ა) ზევიდან ქვევით მოდიოდა ინიციატივები, თუ პირიქით, ქვევიდან ზევით. თუ უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრები ამოცანებზე ინაწილებენ პასუხისმგებლობას, მაშინ, როგორც წესი, ქვევიდან მოდის ინიციატივები და წინადადებები რა უნდა გაკეთდეს. ხოლო თუ ფუნქციებს ინაწილებენ, მაშინ ძირითადად პირველი პირი ხდება იძულებული, ახალ იდეებზე და ინიციატივებზე იფიქროს.
ბ) როგორ და რა საკითხებზე ნაწილდებოდა მენეჯმენტის ყურადღება ყოველდღიურ ცხოვრებაში. სტრატეგიულ და მნიშვნელოვან საკითხებზე იხარჯებოდა ეს უმთავრესი და ყველაზე ძვირადღირებული რესურსი, თუ შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან, რუტინულ და ტექნიკურ საკითხებზე.
გ) რა ინფორმაცია აღწევდა უმაღლესი მენეჯმენტის დონეზე და რა ინფორმაცია ვერა. ანუ ამოდიოდა თუ არა უმაღლესი მენეჯმენტის დონეზე ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო ინფორმაცია ქვევით არსებული პრობლემების შესახებ, თუ იკეტებოდა რომელიღაც მენეჯერის ქვევით.
ზოგადად, ინფორმაციის საკმარისობა განსაზღვრავს მიღებული გადაწყვეტილების ხარისხს, ყურადღების განაწილების სისწორე – რამდენად სწრაფად მიიღება საჭირო გადაწყვეტილებები, ხოლო ინიციატივების ნაკადის მიმართულება კი როგორც მოფიქრებული, ისე განხორციელებული ინიციატივების რაოდენობას.
ამდენად უმაღლესი მენეჯემენტის გუნდის წევრებს შორის პასუხისმგებლობის განაწილების სიცხადე და სისწორე განსაზღვრავს რამდენად საჭირო, სწორი და საკმარისი რაოდენობის გადაწყვეტილებები მიიღება და რამდენად სწრაფად ხორციელდება.
თუ გვეტყვით, როგორ არის განაწილებული პასუხისმგებლობები თქვენი ორგანიზაციის უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის, შეგვიძლია გამოცდილებაზე დაყრდნობით გითხრათ, რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეს თქვენს ორგანიზაციას განაწილების ასეთი პრინციპის გამო.