რატომ არის, რომ რაც უფრო მეტად დემოკრატიულია საზოგადოება, მით უფრო მოწესრიგებულია მოძრაობა გზებზე და რაც უფრო ნაკლებად დემოკრატიულია საზოგადოება, მით უფრო დიდი ქაოსი და ერთმანეთზე გადავლააა საგზაო მოძრაობისას?
დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო მეტად ზრუნავს მოქალაქეების კმაყოფილებაზე და გაცილებით მეტად მონდომებული და დაძაბულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-განვითარებისას. მაშინ როდესაც არადემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლება ფიქრობს – მთავარია საჭირო ხალხი არ გავანაწყენოთ, თორე ამ ხალხს რაც გინდა გაუკეთე, დიდად კმაყოფილები მაინც არ იქნებიანო.
მეორე მხრივ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანები მეტად კანონმორჩილები არიან, ესმით წესების და მათი დაცვის მნიშვნელობა. სხვანაირად წესრიგი რო არ იქნება უკეთ ხვდებიან. მაშინ როდესაც არადემოკრატიულ საზოგადოებაში თუ საჭირო ხალხს იცნობ, შეგიძლია წესებზე არც იფიქრო. და თუ არავის არ იცნობ, მთავარია კარგად გაიხედ-გამოიხედო და თუ ფიქრობ რომ არ დაისჯები, ყველაფრის გაკეთება შეიძლება.
დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანები მეტად უწევენ ანგარიშს სხვა ადამიანების ინტერესებს, ესმით რომ ამის გარეშე მათივე თავისუფლება ვერ იქნება სათანადო. მაშინ როდესაც, არადემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანების უმეტესობა ფიქრობს – მთავარია მე ვიყო კარგად და დანარჩენების თავზეც გავიარეო.
სწორედ მოქალაქეების კმაყოფილებაზე არასათანადო ზრუნვა ხელისუფლების მხრიდან, წესების და კანონების მიმართ არასათანადო პასუხისმგებლობით დამოკიდებულება მოქალაქეების მხრიდან და სხვა ადამიანების ინტერესების იგნორირება ხდება გზებზე ქაოსის ყველაზე მთავარი მიზეზები, რაც საზოგადოებაში დემოკრატიულობის დაბალი ხარისხის ძირითადი ნიშნებია.