როდესაც ადამიანს იმ დონეზე უნდა ორგანიზაციის წარმატება, რომ ამისათვის მზად არის ძვირფასი სამკაულიც კი მოიტანოს სახლიდან, მაშინ იწყებს ის ყველაზე ღირებული იდეების შემოთავაზებას, რა შეიძლება გავაკეთოთ და როგორ შეიძლება ვიმოქმედოთ ამ წარმატებას რომ მივაღწიოთ.
ერთხელ მახსოვს, ერთი ქართული ცნობილი წარმოების რეორგანიზაციის პროექტზე ვმუშაობდით. მაშინ ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე თანამშრომლები მოგვიყვნენ, რომ ჯერ კიდევ დასაწყისში, როდესაც წარმოება ძალიან სუსტი იყო და ფინანსურად უჭირდა, წარმოება რომ არ შეეწყვიტათ თანამშრომლებმა სახლიდან სამკაულები მოიტანესო.
ის ძვირფასეულობა რა თქმა უნდა ხელმძღვანელებს არ აუღიათ და არ გამოუყენებიათ, მაგრამ ორგანიზაცია უამისოდაც ადვილად გამოვიდა იმ კონკრეტული და ძალიან ბევრი შემდეგი ფინანსური კრიზისიდან. სწორედ იმიტომ, რომ მას ასეთი მოტივირებული, ერთგული, ჩართული და თავდადებული თანამშრომლები ჰყავდა.
ძალიან ხშირად, ორგანიზაციის ხელმძღვანელები ჩივიან, რომ ქვევიდან ისეთი ღირებული იდეები არ მოდის, როგორიც თუნდაც მათ პირადად უჩნდებათ. მაგრამ მოდი ჩვენ ვეცადოთ თანამშრომლებს ისევე მოვანდომოთ ორგანიზაციის წარმატება, როგორც ამ წარმოების თანამშრომლებს უნდოდათ, და დავინახავთ, რამდენად მეტად შემოქმედებითები, ორიგინალურები და საინტერესო ადამიანები არიან ისინი, ვიდრე ჩვენ. რამდენად მეტი იციან და შეუძლიათ გააკეთონ ჩვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის.