თუ ადამიანი შინაგანად მშვიდად არის, მასში ყველაფერი მოწესრიგებულია, მის გარშემოც გარემო თითქოს თავისით ლაგდება და არა პირიქით. ზუსტად ასეა ორგანიზაციების შემთხვევაშიც. თუ მასში შიგნით ყველაფერი დალაგებულია, პროცესები მოწესრიგებულია, ამოცანები, როლები და ძალაუფლება თანამშრომლებს შორის სწორად და დანიშნულების შესაბამისად არის გადანაწილებული, გარეშე სამყაროც მშვიდდება, ლაგდება და უკეთესად მართვადი ხდება მათთვის.
ამას წინათ ერთ ახალგაზრდასთან გვქონდა გასაუბრება, რომელიც გვიყვებოდა, რომ ოთხ მეგობართან ერთად რაღაც ბიზნესი წამოიწყეს. ვერაფრით ვერ დალაგდნენ. ვინ რას აკეთებდა ვერ ჩამოყალიბდნენ. ვიღაცები ბევრს მუშაობდნენ, ვიღაცები თითქმის არაფერს. რაც ადვილი იყო და სასიამოვნო ყველა ეტენებოდა, რაც რთული იყო და საპასუხისმგებლო ყველა გაურბოდა მის კეთებას. შემოსავლების და პირველი მოგების განაწილებაც გაუჭირდათ. ბიზნესის არათუ განვითარება, შენარჩუნებაც ვერ მოახერხეს, მიხვდნენ, რომ ერთმანეთსაც დაკარგავდნენ თუ ასე გაგრძელდებოდა და დაიშალნენ.
ცოტა ხანში ახალი საქმე წამოვიწყეთ, ახლა უკვე სამმაო, როგორღაც გაგვიმართლა და როლები მკაფიოდ გადავანაწილეთო – ერთმა გაყიდვებს მიხედა, ერთმა ასორტიმენტის განვითარებას, ერთმა ოპერაციებს და ყველაფერი თავისით მოწესრიგდა, მუშაობაც ბევრად სასიამოვნო გახდა, მეგობრობაც უფრო განმტკიცდა და შედეგებიც, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ბიზნესისგან განსხვავებით მეორე ბევრად უფრო რთული და კონკურენტული იყო, გაცილებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
ეს, როცა საქმე ეხება 3 – 5 კაციან ჯგუფს. წარმოიდგინეთ რა ხდება, როდესაც ორგანიზაციაში ათასი, ორი ათასი და მეტი თანამშრომელი მუშაობს. როგორი რთული, მძიმე და უშედეგო შეიძლება იყოს ყოველდღიური შრომა იქ, სადაც ადამიანები ვერ ჩამოყალიბებულან მკაფიოდ ვინ რა უნდა აკეთოს, ვინ რა შედეგზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ვის რა რესურსებზე უნდა ჰქონდეს წვდომა.
ორგანიზაციები კი ხშირად წარუმატებლობას გარეშე ფაქტორებს აბრალებენ, კონკურენტულ გარემოს, არასასურველ ტენდენციებს მსოფლიო და რეგიონალური მასშტაბით, გლობალურ დათბობას და ყველაფერს სხვას, რისი შეცვლაც სამწუხაროდ არ შეგვიძლია და ნაკლებს მუშაობენ იმაზე, რომ შიგნით მოწესრიგდნენ და სწორად დალაგდნენ.